აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ახალ ანგარიშშს აქვეყნებს, სადაც ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახდეპი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მცურავ გაცვლით კურსზე.
"ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი განყოფილება შექმნა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ ფინანსური ინსტიტუტებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებაზე და ეხმარება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციათა რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა.
"საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდურ ბუფერებს პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. უმოქმედო სესხების წილი კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად პროგრესირდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს", - აღნიშნულია ანგარიშში.