სუეცის არხის ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავალი ეგვიპტეს 20%-ზე მეტად შეუმცირდა, რამაც 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა. მონაცემებს საინფორმაციო პორტალი, Al-Masry al-Yum ავრცელებს.
კერძოდ, გასულ 2023-2024 ფინანსურ წელს, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, არხის შემოსავალი 23%-ით შემცირდა, რის მთავარ მიზეზადაც ადმინისტრაცია წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში გამავალ გემებზე მეამბოხე იემენური მოძრაობა „ანსარ ალაჰის,“ ანუ ჰუსიტების დანაყოფების მხრიდან თავდასხმებს ასახელებს.
ეგვიპტის ცენტრალურმა ბანკმა ივლისში გამოცხადა, რომ ფისკალური წლის პირველ ცხრა თვეში, ანუ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მარტამდე სუეცის არხის შემოსავალი 5,8 მლრდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როცა წინა წლის იმავე პერიოდში 6,2 მლრდ დოლარს შეადგენდა. მაშინაც მთავარ მიზეზად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობა დასახელდა, რის გამოც გემთმფლობელები თავიანთ ტანკერებს სუეცის არხის გამოყენების გარეშე, აფრიკის კონტინენტის შემოვლით მარშრუტზე აგზავნიან.
შედარებისთვის: 2022-2023 ფისკალურ წელს სუეცის არხის ექსპლუატაციიდან ეგვიპტის შემოსავალმა 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა. არხიდან მიღებული ფინანსური შემოსავალი ეგვიპტის ხაზინის დოლარით შესავსებად ძირითადი წყაროა.
თუმცა 2023 წლის შემოდგომიდან, წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო, ეგვიპტე სუეცის არხიდან მოგებას კარგავს. 19 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისიმ განაცხადა, რომ სუეცის არხის მომგებიანობა, მინიმუმ, 40-50%-ით შემცირდა.
თავად არხის ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვრის პირველ ნახევარში შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით შემცირდა, ხოლო სუეცზე გამავალი გემების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით, მათი ტონაჟი კი 41%-ით შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ