„აკადემიური კვლევებითა და შესწავლილი ქვეყნების მაგალითებით დადგინდა, რომ ლარის ევროზე მიბმა საქართველოსთვის მრავალ პოზიტიურ შედეგს მოიტანს. დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მთავრობის ფისკალურ დისციპლინაზე, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას დაბალი ინფლაციისა და ნაკლები სავალუტო რისკების გარემოში. ლარის ევროზე ფიქსირება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებთან უკეთ ინტეგრაციასაც“ ,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის პოლიტიკის დოკუმენტში სახელმწოდებით „საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულება“.
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ფულადი სისტემის რეფორმირების ზოგადი პრინციპებისა და ამ პრინციპების დანერგვის მოსალოდნელი შედეგების აღწერას. მასში განხილულია ის პოზიტიური შედეგები, რაც ლარის ევროზე მიბმას მოჰყვება.
„ევროინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე, ევროკავშირთან ვაჭრობა და ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდება, ხოლო კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროზონაში შესვლაც დადგება დღის წესრიგში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის ევრო სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს და თუ ჩვენი ეროვნული ვალუტის პრობლემებს გავითვალისწინებთ, თვალსაჩინო ხდება მონეტარული სისტემის იმგვარი მოწყობა, რომელშიც ეროვნული ბანკი არ გახდება მოსახლეობის დამატებითი დაბეგვრისა და კომერციული ბანკების ხელოვნური სუბსიდირების წყარო. ასეთი გზა კი ლარის ევროზე მიბმას გულისხმობს, როგორც ეს ესტონეთსა და რიგ სხვა ქვეყნებში განხორციელდა.
შინაარსობრივად, ევროზე საკუთარი ვალუტის მიჯაჭვა ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ დამოუკიდებელ მონეტარულ პოლიტიკაზე. ინფლაციის ნაწილში ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ფასების დინამიკა დაუახლოვდება ევროკავშირის ფასების დინამიკას. საბანკო ზედამხედველობის ნაწილში კი ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დარჩება, რადგან ის, ერთი მხრივ, დაკარგავს უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორის ფუნქციას, თუმცა დაიტოვებს რეგულაციების დაწესების უფლებამოსილებას. ამ პირობებში, კომერციული ბანკისთვის ლიკვიდობის წყარო გახდება ევროკავშირის საბანკო სისტემა, ხოლო ეროვნულ ბანკს მეტი სტიმული ექნება, უფრო იზრუნოს ბანკების სტაბილურობაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი მოდელი გულისხმობს დაბალ ინფლაციას და საბანკო სექტორის შემცირებულ მოგებასა და ბანკების გაზრდის სტაბილურობას.
ზემოთ მოცემული მიდგომის დანერგვის შემთხვევაში, თითქმის ნულამდე დადის სავალუტო რისკები, რადგან ინვესტორისთვის ხარჯებიც და შემოსავალიც, პრაქტიკულად, ან ერთსა და იმავე ვალუტაში იქნება, ან იმ ვალუტაში, რომელიც პირდაპირ ევროზეა მიბმული (ამ შემთხვევაში – ლარზე). ეს ეხება ექსპორტიორებს, იმპორტიორებს, ტურისტებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და სხვა აქტორებს. მაგალითად, 2014-2022 წლებში ლარი, დოლართან მიმართებით, დაახლოებით 50%-ით გაუფასურდა, რამაც, ამავე განაკვეთით,საგარეო ვალის ლარში გამოსახული ზრდა გამოიწვია.
ევროს თავისუფალ გამოყენების რეჟიმში დაშვება ასევე გულისხმობს იმას,რომ ევროზე იგივე რეგულაციები გავრცელდება, რომლებიც ლარზე და გარდა მინიმუმამდე დაყვანილი სავალუტო რისკებისა, არსებული გადაწყვეტილება დადებითად აისახება საბანკო საპროცენტო განაკვეთებზე, რადგან უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდა განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს. უცხოური ვალუტის მიწოდება კი აუცილებლად გაიზრდება, რადგან აღარ იარსებებს უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მოქმედი სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა, გადასახადების აკრეფა და სხვა სახელმწიფო დონის ტრანზაქციები ლარში განხორციელდება და ამით ქვეყანა არ ამბობს უარს ეროვნულ ვალუტაზე, ევროზონაში გაწევრიანებამდე. თუმცა, ის ფაქტი, რომ ლარი ევროთი გამყარდება, პრაქტიკულად ნიშნავს ევროთი გამყარებულ საპენსიო და სოციალურ დახმარებებს, ხელფასებს საჯარო სექტორში, სკოლებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.
ლარის ევროთი გამყარება გულისხმობს მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ მათთვის სანდო და სტაბილური ვალუტის გამოყენებას. გარდა ამისა, ევრო რეგიონში დომინანტი ვალუტაა. მსოფლიოში ცენტრალური ბანკების რეზერვების 20% სწორედ ევროსგან შედგება. 2023 წლის აპრილში, საქართველოს შემთხვევაში, ოფიციალური სარეზერვო აქტივების 90.8% სწორედ უცხოური ვალუტის რეზერვები იყო, რაც ძირითადად დოლარს გულისხმობს“, - აღნიშულია დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში.