თბილისში დღეს თხილის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს თხილის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამ"-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც არის 2015 წლის 15 მაისს, ანაკლიაში, თხილის დარგის განვითარების შესახებ ჩატარებული ფორუმის ფარგლებში დაწყებული საზოგადოებრივი დიალოგის გაგრძელება. კონფერენციის მიზანია, სახელმწიფო სტრუქტურების, ამ სფეროში დასაქმებული კერძო საწარმოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება თხილის წარმოების სფეროს სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებისათვის მძლავრი სამეცნიერო ბაზის შესაქმნელად.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, თხილის გადამმუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია. შარშანდელი მონაცემებით საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 183 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და საქართველოს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ხუთეულში შედის და თხილის წარმოება საქართველოში მცხოვრები 50000-მდე საოჯახო ფერმერული მეურნეობისთვის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.

ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რის ფარგლებშიც დაგეგმილია საზოგადოებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა. ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნობიან საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში და აგრეთვე წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს, პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემატიკას. გაიმართება საზოგადოებრივი დისკუსია, რაც შექმნის საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველს.