ვინ იყიდა 5 ყველაზე ძვირადღირებული სახელმწიფო ქონება

მიმდინარე წელს აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 36 ქონება უკვე გაიყიდა, 33-თან დაკავშირებით კი, ტენდერი ახლა მიმდინარეობს.

პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული ქონების ფასმა 34 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ყველაზე დაბალფასიანმა კი, 42 000 ლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ კომპანიების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც ყველაზე ძვირადღირებული სახელმწიფო ქონებების შეიძინეს.

  • თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - გაყიდვის ფასი 34 220 000 ლარი.

აღნიშნული ქონება კომპანია „იონფაშ ჯორჯია“-მ შეიძინა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მისი მფლობელები თურქეთის მოქალაქეები არიან. კერძოდ: 50% ეკუთვნის ჰილმი დერინელს, 23% - უფუქ დერინელს, 22% - ადემ დერინელს, ხოლო 5% - მერთ იუმუშაქერს. დირექტორია - მერთ იუმუშაქერი.

  • თბილისში, რევაზ მამისაშვილის ქუჩა N71-ში მდებარე 9794.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და 104.96 გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობა - ქონება 2 272 500 ლარად „მშენებელი თბილისი-95“-მა შეიძინა. რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელია მარინე ჭანყოშვილი, ხოლო დირექტორი - ოლეგ ჭანყოშვილი.
  • ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, N19ა-ში მდებარე 10952.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (არასაცხოვრებელი), 19806.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N01 შენობა-ნაგებობა (ნანგრევი) – აღნიშნულ ქონებაში 2 084 000 ლარი გადაიხადა კომპანია „გლ გრუპმა“. კომპანიის მესაკუთრეა გურამ ლიკლიკაძე, ხოლო დირექტორი - ლაშა კოხრეიძე.
  • ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, I შესახვევის N42-ში მდებარე 12164.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N15 შენობა-ნაგებობები - 1 746 000 ლარი. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ქონებაზე ტენდერი კერძო პირმა, გია ცნობილაძემ მოიგო.
  • თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული 9795.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - ქონება 1 505 000 ლარად როვშან ალშანოვმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებულ ქონებებს შორის, 6.5 მლნ ლარად უკვე გაიყიდა თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები. თუმცა, აქციონი გუშინ დასრულდა და ჯერჯერობით მყიდველის ვინაობა უცნობია.

ნინი ქეთელაური