ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ადგილობრივმა ექსპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ამ პროდუქტის ექსპორტმა 101.603 მლნ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით, 239.1%-იანი ზრდაა. 2023 წლის ექვს თვეში ქვეყნიდან მხოლოდ 29.964 მლნ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები გავიდა.
ამ მოცულობის პროდუქცია უცხოეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში არ გაგვიყიდია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ლითონების ექსპორტის მაჩვენებელი 2010 წლიდან იძებნება).
ქართული ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატების მთავარი იპორტიორი ქვეყანა კი ჩინეთია, სადაც წელს მთლიანი ექსპორტის 87.3% განხორციელდა, კერძოდ, იანვარ-ივნისში ჩინეთში 88.702 მლნ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონები გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 212.3%-ით აღემატება (28.399 მლნ დოლარი), წელს მეორე ადგილზეა ბულგარეთი - 12.305 მლნ დოლარით და მესამეზე შვეიცარია - 594.6 ათასი დოლარის ექსპორტით.
ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2.847 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა და 1.293 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.