პროკურატურამ მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა

პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. როგორც გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს, დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა. "საინტერესოა, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა. ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის. შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს. "კვირის პალიტრა" ამ თემის მოკვლევას მომავალში განაგრძობს", - წერს გამოცემა.

აღნიშნულ საკითხზე "კვირის პალიტრა" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო ღოღობერიძესაც ესაუბრა. მისი განცხადებით, შესაბამის ტენდერში დამარცხებული პროექტები ვერეს ხეობაში ახალი გზის ხიდებით შესვლას ითვალისწინებდა.

"ოფიციალურად ეს პროექტი გატარდა, როგორც თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი. თამარაშვილის ქუჩაზეც და გმირთა მოედანზეც ნამდვილად რეკონსტრუქცია ჩატარდა, მაგრამ მათი დამაკავშირებელი გზა არ არსებობდა და თავიდან აშენდა. მიუხედავად ამისა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ტენდერი გზის რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა. სამ პრეტენდენტს შორის ძალიან დიდი ფასთა სხვაობა იყო. ერთ კომპანიას პროექტის განხორციელების ღირებულებად მითითებული ჰქონდა დაახლოებით 165 მილიონი ლარი, მეორეს დაახლოებით 158 მილიონი, ხოლო მესამეს 85 მილიონი. ტენდერში გამარჯვებული კი, სამწუხაროდ, ფასით განისაზღვრა. 85 მილიონიანი პროექტი გზის აგებას 1,5 წელიწადში ითვალისწინებდა. ტენდერში დამარცხებული პროექტები ვერეს ხეობაში ახალი გზის ხიდებით შესვლას ითვალისწინებდა. ანუ გზა ზედაპირიდან მაღლა იქნებოდა აწეული. ცხადია, ასეთი კონსტრუქციები უფრო ძვირი ღირს და რთული შესასრულებელია", - აცხადებს ნინო ღოღობერიძე.