„თუ ფიქრობენ, რომ ვაზიანი ჰაბი იქნება რუსეთისთვის, ეს დროებითია - სანქციების გამო ხდება თბილისის გამოყენება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ არსებული პირობებით ვაზიანის აეროპორტი ჰაბად ვერ იქცევა, რადგან საჭიროა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაახლოებით 100-მდე თვითმფრინავი მაინც, დღეს კი საქართველოს ასეთი 10-იც არ ჰყავს. კოდუამ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც სახელმწიფოს აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გადაედგა:
„ჰაბის გაკეთებას თუ აპირებდნენ, ქმედება უნდა ყოფილიყო ასეთი, რომ სასწრაფოდ „ეს ელის“ სტანდარტები უნდა დაეგეგმათ - რეისები უნდა დამენიშნა თბილისი-ნიუ იორკი მე, სხვას უნდა დაეწყო თბილისი-ლოს ანჯელესი თბილისი-ტორონტო, თბილისი-პეკინი, ევროპის მიმართულებით უნდა დანიშნულიყო მეტი პირდაპირი ფრენა. ნელ-ნელა 2-3 წელიწადში უნდა გაგვეზარდა დატვრითულობა და როცა ტრაფიკი იმდენად დიდი იქნებოდა, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ დაიტევდა, უკვე გაჩნდებოდა საჭიროება გაგვეზარდა აეროპორტი. მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინათ ადგილობრივ ავიაკომპანიებთან.
როცა 2-მილიარდიანი გახდებოდა ფლოტი და ჯამში 100-მდე თვითმფრინავი თუ მაინც იქნებოდა თბილისის აეროპორტებში დაყენებული, მაშინ უკვე იქნებოდა მიზანი, რომ ახალი აეროპორტი გაგვეკეთებინა. 100 კი არა, 10 თვითმფრინავი არ არის. აეროპორტს ვაშენებთ, თუმცა ვისთვის, ვერ გაგვიგია, რისთვის სჭირდებათ?
თუ ფიქრობენ, რომ ჰაბი იქნება რუსეთისთვის, ეს დროებითია, მოსკოვი ბუნებრივად თბილისს არ იყენებს, უფრო ახლოს არის მოსკოვიდან ევროპა, ვიდრე თბილისიდან. ჩამოხვიდე ჩრდილოეთიდან სამხრეთში, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ქვეყნებს დაუკავშირდე, გაუგებარია. სანქციების გამო ხდება თბილისის გამოყენება, როგორც კი სანქცია მოიხსნება ან კიდევ უფრო გამწვავდება, რუსეთის ბაზარი ვერ მიებმება თბილისიდან ევროპას. ეს უნდა გამორიცხონ, თუ უნდათ, რომ რუსეთის ბაზარი ევროპასთან დააკავშირონ.
თუ გაიხსნება რუსეთის ბაზარი, პეკინი მოსკოვის გავლით უფრო ახლოს არის ევროპასთან, ჩრდილოეთ პოლუსი უფრო მოკლე გზა არის ნავიგაციის კუთხით, ვიდრე ეკვატორი და სამხრეთის ქვეყნები - ტექნიკური პარამეტრებია. გაუგებარია რისთვის კეთდება“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. აეროპორტის მშენებლობის განვითარების გეგმაზე სახელმწიფო აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით მუშაობს. ADB-მ აეროპორტის გენ. გეგმის შემუშავებისთვის ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 734 986 დოლარს შეადგენს. პროექტის ნახევარს აფინანსებს ADB (დაახლოებით 376 ათას დოლარს).
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა 260 მლნ დოლარი დაჯდება, აეროპორტი კი ჯამში 19 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით სანავიგაციო კვლევები უახლოეს პერიოდში დასრულდება. პარალელურად კი დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი და 2025 წლისთვის მზად იქნება. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია აეროპორტის მშენებლობა, 2028 წლის ბოლოს კი მზად იქნება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენები განხორციელდეს.