„ევოლუშენ გეიმინგი“ მთლიანად დასახურია - ბევრი იქ დასაქმებული თამაშდამოკიდებულებით დაავადდა“

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ „ევოლუშენ გეიმინგში“ დასაქმებულ ადამიანებს გვერდით დავუდგებოდი, მაგრამ ახლა მინდა მათ გულწრფელად გამოვუცხადო ნდობა და მხარდაჭერა. ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და სახელმწიფოსგან მიტოვებულები“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნბელმა თამარ ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომპანიაში უამრავი ჭკვიანი ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელიც საკუთარი თავის რეალიზების ნაცვლად, თამაშდამოკიდებული გახდა.

„ევოლუშენ გეიმინგში“, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ცუდი რეპუტაცია აქვს, დასაქმებულების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვთ უცხოეთშიც და არც საქართველოა გამონაკლისი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ კომპანიაში დასაქმებული არიან უმეტესად ახალგაზრდები, მაგისტრანტბი, დოქტორანტები, ძალიან განათლებული და ჭკვიანი ადამიანები.

სირცხვილი სახელმწიფოს, რომ კაზინოში სამუშაოდ გაუშვა ასეთი ადამიანები სწავლის და ლუკმა-პურის ფულის მოსაპოვებლად, სადაც რწყილები დაასიეს, იმიტომ, რომ მან ვერ გააკონტროლა ეს კომპანია და არ მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებისთვის. ძალიან ბევრი მაგისტრანტი ვიცი, მათ შორის „კავკასიის უნივერსიტეტიდან“, რომელიც იქ მუშაობს.

ეს კატასტროფაა. ამ ახალგაზრდებს დღესაც არავინ აძლევს პასუხს და არავინ ელაპარაკება. ეს კომპანია მთლიანად დასახურია, რადგან ის არის ჭაობი. თავად იქ დასაქმებულთაგან ბევრი დაავადდა თამაშდამოკიდებულებით, მაშინ, როცა ისინი შეიძლება სხვადასხვა სპეციალობებში პროფესიონალები გახდნენ“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა.

როგორც მან განმარტა, „თუ სახელმწიფოს სურს ქვეყანაში ჰქონდეს სათამაშო ბიზნესი, მაშინ ამ სექტორის რეგულაციები მთლიანად უნდა დაექვმდებაროს ევრორეგულაციებს და შემოღებულ იქნას კანონის აღსრულების შესაბამისი მექანიზმები“.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი, რამდენიმე ათასი დასაქმებული, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მოთხოვნით 12 ივლისიდან გაიფიცა. მათ დამსაქმებელ კომპანიას 45 მოთხოვნა წაუყენეს.

იმავე დღეს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „ევოლუშენ საქართველოს“ სტუდია აგრძელებს ოპერირებას და მიჰყვება სამართლებრივად დადგენილ პროცესს.

ნათია ზარიძე