შალვა ოგბაიძე: ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება

თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ვერეს ხეობაში ახალი გზის რეაბილიტაციასა და ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემის შესახებ ისაუბრა. გზის აღდგენა აუცილებელია, თუმცა მისი რეკონსტრუქცია და სახეცვლილება უნდა მოხდეს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შალვა ოგბაიძე ინტერვიუში ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემასა და მძღოლების მიმართ მფლობელების მიერ განხორციელებულ კანონდარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მძღოლებს ყოველ ორ თვეში ერთხელ გადასახადს უზრდიან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან არ ჩართონ კონდიციონერი და მოქალაქეები ფეხზე დააყენონ. რადგანაც სხვანაირად იმ ხარჯების გადახდას ვერ მოახერხებენ, რასაც მათ ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელები უწესებენ.

- სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი გზა უნდა გაუქმდეს, მომავალი ტრაგედიების თავიდან აცილება მოხდეს. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-ეს გზა ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის შემადგენელი ნაწილია. ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს დიდი საცობების პრობლემის წინაშე ვიყავით. საქმე თბილისის მასშტაბით უფრო გლობალურად არის გადასაწყვეტი, ვიდრე ახლა ერთი გზაა. თუმცა, ეს გზა უნდა არსებობდეს, მაგრამ არა იმ კონფიგურაციით, რაც დღეს არის. იმიტომ, რომ ეს წყალმოვარდნა, რომელიც მდინარე ვერესთვისაა დამახასიათებელი, აუცილებლად განმეორდება.

- მაშინ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემასთან გამკლავება, რაც დღეს დედაქალაქში არსებობს?

- ერთი საკითხია, რომ არსებობდეს პრევენციის და შეტყობინების ეფექტური სისტემა, ხოლო მეორეა იმ შეცდომების გამოსწორება, რაც დაშვებული იყო ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. გვირაბების დაპროექტებისას მოხდა შეცდომის დაშვება და ამ ახალი გზის მშენებლობისას კი უფრო დაემატა. ამან კი ჯამში ჩვენს დედაქალაქს უფრო დიდი პრობლემა შეუქმნა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სასწრაფო წესით, კომისიისა და სპეციალისტების მეშვეობით უნდა გადაწყდეს. შემუშავებული უნდა იქნას მოქმედების გეგმა. აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ გზის გაგრძელება არის ჩვენი დედაქალაქის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი, როგორიც არის გმირთა მოედანი, რომელიც გარდა მოედნის ფუნქციისა, ყველაფრის ფუნქციას ასრულებს. მისი ბლოკირება კი უზარმაზარ სატრანსპორტო ქაოსს იწვევს. ამიტომაც ყველაფერი ნულიდან არის მოსაფიქრებელი. უნდა გაკეთდეს იმ მდინარეთა კალაპოტების დაცვის, მოვლა-პატრონობის პროგრამები, რომელთა კალაპოტები სამწუხაროდ არ იწმინდება. აღარაფერს ვამბობ მათი კალაპოტის ხელოვნურად შეცვლასა და არტახებში მოქცევაზე, აგრეთვე იმ ურბანულ ხარვეზებზე, რაც ამ კალაპოტებში მშენებლობის მიმდინარეობისას ხდება.

- სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ ახალმა გზამ თავისი ფუნქცია მაინცდამაინც ვერ შეასრულა, ვერ მოახერხა ქალაქის საცობებისგან განტვირთვა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ამ შეკითხვაზე "ჰო"-ს თქმაც შეიძლება და "არა"-სიც. იყო დღის და კვირების განმავლობაში დღეები, როდესაც გმირთა მოედანი ავტომობილების განტვირთვას თავს ვერ ართმევდა. აქედან გამომდინარე ეს გზა მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასეთი სახის პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ ეს გზა დარჩეს, თუმცა აუცილებელია მისი სახეცვლილება.

- ფიქრობთ, რომ მისი სახეცვლილება შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგალითისთვის გეტყვით, თამარაშვილის ქუჩაზე 112-ის შენობა რომ მდებარეობს აი, მანდ გადმოდის ესტაკადა, რომელიც საბურთალოს მხრიდან გვირაბის მეშვეობით ამ გზას უკავშირდება. დაახლოებით მაგ ტერიტორიაზე, ხელმარცხნივ რომ დავეშვებით, თითქმის 180 გრადუსით მდინარე ვერე მიმართულებას იცვლის. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ წყლის ცოტა მომატების შემთხვევაშიც კი გვირაბი ვერ უზრუნველყოფს მის გატარებას. ამიტომაც ასეთი რისკების შეფასებისა და გათვალისწინების მიხედვით უნდა მოხდეს გზის სახეცვლილება.

- როგორ ფიქრობთ, გზის მშენებლობისას ასეთი სახის რისკების გათვალისწინება არ მოხდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ გზის მშენებლობისას მე ხშირად გამოვთქვამდი კრიტიკულ მოსაზრებებს, არავინ არასდროს ყური არ მათხოვა. ასევე განგაშის ზარს სცემდნენ ურბანისტები, გარემოს დამცველები. მიუხედავად ამისა, ეს იყო დრო, როდესაც ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილის მიხედვით კეთდებოდა. ეს გზა აშენდა "მე ასე მინდა"-ს პრინციპით. ახლა გვაქვს საშუალება, რომ ექსპერტებისა და სპეციალისტების დახმარებით შევიმუშაოთ ისეთი მოქმედების გეგმა, რომელიც შემდგომში თავიდან აგვაცილებს სტიქიურ უბედურებებს და ასეთ მასშტაბურ ტრაგედიას.

-  გვერდს ვერ ავუვლით ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემას. აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ მძღოლებს ყოველ ორ თვეში ერთხელ გადასახადს უზრდიან და ამის გამო ისინი იძულებულები არიან დაზოგვის მიზნით არ ჩართონ კონდიციონერი და ხალხი ფეხზე დააყენონ. რამდენად რეალურია ეს პრობლემა?

-  მძღოლები ძველი ხელისუფლების დროს დადებული კორუფციული ხელშეკრულების მსხვერპლნი არიან. ისინი იძულებულები არიან, მოქალაქეებს ვერ შეუქმნან ის კომფორტი, რაც მგზავრობისას აუცილებელია. მძღოლისა და მგზავრის ხარჯზე ცალკეული კომპანიები მდიდრდებიან. აგრეთვე აქვე მინდა ვთქვა, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაიქცნენ მოსიარულე ბომბებად, რადგანაც ელიავას ბაზრობაზე დაშლილი ავტომობილებიდან ხდება დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსების ძრავის ამოღება, დამონტაჟება და გაზზე გადაყვანა, ხოლო გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში არსებული კომპანიის მიერ ნებართვის გაცემა, რომ გაზზე გადაყვანა კანონთან შესაბამისობაში მოხდა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან ეს ცნობა მივიღე. სამწუხაროდ არის საშიშროება, რომ ამის გამო კიდევ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ. მე მივმართავ მერიას, რომ ამ საკითხზე ყურადღება სასწრაფოდ გაამახვილონ. ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება.

- თქვენ თუ გადაამოწმეთ ამ ნებართვის გამცემი კომპანია და თუ ფლობთ ინფორმაციას, რამდენად კომპეტენტურები არიან ამ საკითხში?

- იმ დოკუმენტის თანახმად, რომელიც მე გადმომცეს, მიკროავტობუსების ტენდერში 4 კომპანიაა გამარჯვებული, ხოლო ამ დოკუმენტზე პასუხი ერთი და იგივე ტექსტითა და ხელით არის მიწერილი, სადაც ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და გაზზე მიკროავტობუსების გადაყვანა საფრთხეს არ წარმოადგენს.

- ვისი ინიციატივით ხდება მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანა? ან რა არის ამის მიზეზი?

- მე არ ვიცი ეს აზრად ვის მოუვიდა, ვერ გეტყვით. თუმცა, ფაქტი ერთია, რომ მიკროავტობუსები ჩვენი დედაქალაქის სამართლებრივი მომსახურების ზონიდან არის გასული. ესენი არიან ძველი ხელისუფლების დროს დატოვებული რეციდივები, რომლებიც კარგს არაფერს მოგვიტანს. ახლა გეტყვით, რა მდგომარეობაში არიან მძღოლები. თქვენ რომ ნახოთ ხელშეკრულება ყვითელი მიკროავტობუსების, ნახავთ, რომ მფლობელის უფლებამოსილება ამოიწურება მხოლოდ სამი პუნქტით, ხოლო მძღოლის მოვალეობა მათ წინაშე არის 4 ფურცლამდე გაწერილი. აი, ეს არის ტიპური ტრეფიკინგის შემთხვევა, თუ დაინტერესდებით და გაარკვევთ, დღეში რამდენ ბრუნს აკეთებენ და გამოაკლებთ მძღოლის მიერ დახარჯულ საწვავს, ნახავთ, რომ თუ მან კონდიციონერი ჩართო, მაშინ თავისი გადასახდელი თანხა სახლიდან უნდა მოიტანოს. აი, ეს არის შედეგი და არა მიზეზი, ყვითელი მიკროავტობუსების გაუმაძღრობისა. სამწუხაროდ, თბილისის მერიამ ყველაფრისთვის მოიცალა, გარდა ამ პრობლემისა.

ელზა პაპოშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"