გაამართლა თუ არა ვენეციაში შესვლის გადასახადმა

ვენეციაში ტურისტებისთვის დაწესებულმა ექსპერიმენტული გადასახადის სისტემამ მხოლოდ უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ქალაქში ხალხმრავლობის შემცირებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ფასები გაიზრდება. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

პირველად მსოფლიოში, ცნობილმა იტალიურმა დანიშნულებამ აპრილში დააწესა ქალაქში შესვლის გადასახადი (5 ევრო - 5,44 აშშ დოლარი) ერთი დღით ჩასული (ვიზიტორები, რომლებიც ღამით არ რჩებიან) ტურისტებისთვის, იმ მიზნით, რომ პიკურ დღეებში ქალაქში ხალხმრავლობა შეეზღუდა.

საპილოტე სქემა, რომელსაც ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროპის სხვა ტურისტული წერტილები, 29 დღე პიკურ დღეზე გავრცელდა და 14 ივლისს დასრულდა.

ქალაქის ტურიზმისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამსახურის ცნობით, გადასახადის სისტემამ გარკვეული ფუნქცია შეასრულა, თუმცა, ვენეცია კვლავ გადატვირთულია ტურისტებით. ამავე ცნობით, აღნიშნული გადასახადი 2025 წელს კვლავ ამოქმედდება.

როგორც ირკვევა, ქალაქის მთავრობა მომავალი წლიდან პიკური დღეების რიცხვის და გადასახადის ოდენობის გაზრდას გეგმავს.

ქალაქის საკრებულოს სურს ხელი შეუშალოს ერთდღიან მოგზაურებს, განსაკუთრებით შაბათ-კვირას და არდადეგებზე, როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს 100 000-ს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ მეტია.

ვენეციაში შესვლის გადასახადი 2024 წლის 25 აპრილიდან ოფიციალურად ამოქმედდა. შესაბამისად, გაზაფხულისა და ზაფხულის 29 პიკური თარიღის შესაბამის დღეებში, არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ქალაქის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს, ვენეციაში ნებისმიერი მიზნით შესვლის საფასურად 5 ევროს გადახდა უწევდათ.

ნათია ზარიძე