„40-მდე გადამზიდია რიგში ჩაყენებული, ხელოვნური დეფიციტი იქმნება“ - ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საავტომობილო თხევადი გაზის ფასთან დაკავშირებით წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თხევადი გაზის (LPG) გაყიდვები ბოლო 3 წლის განმავლობაში 4-5 ჯერ არის გაზრდილი, ფასების ზრდას თავისი მიზეზები აქვს. მთავარი მათ შორის თავად მწარმოებლის ფასია რუსეთის ტერიტორიაზე და მეორეა გადაზიდვის ღირებულება. მაგრამ საინტერესოა ფასების ზრდა მაშინ როდესაც მწარმოებლის ფასი არ იცვლება და საქართველოს ბაზარზე ფასები მაინც იმატებს. მწარმოებლის ფასების დარეგულირებაც შესაძლებელია, თუ ქვეყანაში იარსებებს სახელმწიფო სტრუქტურა, რის შესახებაც წლებია ვსაუბრობთ.
დღეის მდგომარეობით, ფასების ზრდის მიზეზია თხევადი გაზის დეფიციტის ხელოვნური შექმნა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გადამზიდებს 3-4 დღე უწევთ რიგში დგომა საქართველო-რუსეთის გამშვები სასაზღვრო პუნქტის გასავლელად. ე.წ. „სპეც ავტომობილებს“ აყენებენ საერთო რიგში.
საქართველოდან თხევადი გაზის შემოსატანად გასული ავტომობილი ყველაზე კარგ შემთხვეაში დატვირთული უკან ბრუნდება ერთი კვირის შემდეგ. იქმნება ხელოვნური დეფიციტი და გადამზიდავებს ეზრდება ხარჯები, რაც უძვირებს იმპორტიორებს ფასს და შესაბამისად გაზრდილი ფასი აისახება მომხმარებლებზე.
აღნიშნული საკითხის დარეგულირება რა თქმა უნდა ხელისუფალს შეუძლია და ევალება. ამ შემთხვევაში მოსაგვარებელია გადამზიდების დროულად გატარების საკითხი, თუმცა ამ მხრივ ჯერ-ჯერობით სიახლე არ ისმის.
დღეის მონაცემებით, ნატახტრისა და ლარსის საზღვართან მიმდებარე ტერმინალებზე 40-მდე გადამზიდია რიგში ჩაყენებული, რაც მინიმუმ 800 ტონის მოცულობისაა,“- წერს შენგელია.