ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა, რაც წინა კვირაში ლამის მღელვარებაში გადაიზარდა, გრძელდება. ადგილობრივების პროტესტი “ბინების შესახებ კანონპროექტმა“ გამოიწვია. კვირის მთავარი თემა ხელისუფლების მხრიდან ბინების მშენებლობის ლეგალიზაციის მორიგი მცდელობა გახდა.
ცნობისთვის, ე.წ. ასლან ბჟანია, “აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ მიღებას ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ითხოვდა. თუმცა, მაშინ საზოგადოების პროტესტის ფონზე, პარლამენტმა ის არ განიხილა და ე.წ. პრეზიდენტს უკან დაუბრუნდა.
რას გულისხმობს “კანონი ბინების შესახებ“ აფხაზეთში?
პროტესტის ფონზე, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია საზოგადოებას კომპრომისს სთავაზობს - უცხოელი ინვესტორებისთვის აპარტ-ოტელების მშენებლობის ნებართვები გარკვეულ რეგიონებში შეიზღუდოს. მაგრამ კრიტიკოსები ამასაც აღიქვამენ, როგორც თავდაპირველი იდეის ფარულად წამოწევის მცდელობას და მალე “მთელი რეგიონის გაყიდვის“ საფრთხედ.
ახალი ინიციატივის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაყიდი აპარტ-ოტელების მშენებლობა დაშვებული იქნება მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ბჟანიას აზრით, ამ კონკრეტული ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით არ არის ყველაზე მიმზიდველი, სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა და “გადაუდებელ ზომებსაც კი საჭიროებს“.
“აფხაზების მთავარი შიში რეგიონში დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას უკავშირდება. უძრავი ქონება არის მგრძნობიარე თემა მცირე ეთნიკური ჯგუფისთვის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ თავისი კულტურული და ეთნიკური იდენტობა. კანონპროექტის ძალაში შესვლამ შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და პოტენციურ საფრთხეს შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერს sova.news ადგილობრივებზე დაყრდნობით.
დე ფაქტო ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვს კანონის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ არის საფრთხე, აფხაზეთი მოსკოვის ტოტალური კონტროლის ქვეშ მოექცეს.