2023 წელს აფხაზეთში რუსეთის მთლიანი მოსახლეობის 2%-მა იმოგზაურა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი გასულ წელს რუსების საზღვარგარეთული მოგზაურობების ტოპ სამეულში მოხვდა, სადაც საზღვარგარეთ მოგზაური რუსების 15%, ანუ მთლიანი მოსახლეობის 2% მგზავრობდა.

ამის შესახებ „როსკაჩესტვოს” მომხმარებელთა ქცევის კვლევის ცენტრის გამოკითხვის მონაცემებში წერია, რასაც Gazeta.Ru ავრცელებს.

რუსების გასული წლის სამოგზაურო უპირატესობებში აფხაზეთი მესამე ადგილზეა, ხოლო ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთი აღმოჩნდა, სადაც საზღვარგარეთ მოგზაურთა 22%, ანუ მთლიანი მოსახლების 3% იმყოფებოდა. მეორე პოპულარული მიმართულება ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებია, სადაც საზღვარგარეთ მოგზაურთა 15% და რუსების 3% მგზავრობდა. აფხაზეთს საზღვარგარეთ მოგზაური რუსი ტურისტების 13%-ით (მოსახლეობის 2%-ით) ეგვიპტე მოსდევს, ხოლო ხუთეულს 11%-ით (რუსების 1%-ით) არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხურავს.

„როსკაჩესტვოს” მონაცემებით, გასულ წელს საზღვარგარეთ ყოველმა მეათე რუსმა, ანუ მთლიანი მოსახლეობის 12%-მა იმოგზაურა. ყველაზე ხშირად რუსი ტურისტები ოჯახთან და ბავშვებთან ერთად (29%) ან მხოლოდ მეორე ნახევართან ერთად და ბავშვების გარეშე (25%) მოგზაურობდნენ. მარტონი რუსები ნაკლებად მოგზაურობენ, რაც ტურისტების მხოლოდ 19%-ს შეადგენს.

ამასთან, რუსების ნახევარმა, ანუ 52%-მა გასული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 23%-მა ორჯერ, 13%-მა სამჯერ, ხოლო 12%-მა ოთხჯერ ან მეტჯერ იმოგზაურა.

ცნობისთვის: უშიშროების ფედერალური სამსახურის, ანუ “ეფესბეს” სასაზღვრო სამსახურის მიერ მაისში გასაჯაროვებული სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში იმ მიმართულებებს შორის, სადაც რუსები ყველანაირი მიზნით ყველაზე ხშირად მგზავრობდნენ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი ლიდერობს. კერძოდ, პირველ კვარტალში აფხაზეთში რუსებმა 899,1 ათასჯერ იმგზავრეს, რაც, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 883,5 ათას მგზავრობასთან შედარებით, 1,8%-ით მეტია. დანარჩენ საქართველოში რუსებმა შარშანდელი პირველი კვარტლის 135,1 ათას მგზავრობასთან შედარებით, წელს 196,82 ათასჯერ იმგზავრეს, რაც 45,7%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მზარდი პროცენტული დინამიკით საქართველოს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს, სადაც რუსების მგზავრობები იანვარ-მარტში ყველაზე მეტად, 320,7%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ