უკრაინამ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენა გადადო

უკრაინულმა კომპანია Ukrferry-მ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენა გადადო, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ შეწყდა. ინფორმაციას Reuters კომპანიის განრიგზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოქმედი განრიგით, სერვისი 24 ივლისამდე გადაიდო, შეფერხების მიზეზს კი კომპანია არ ასახელებს.

გასულ თვეს Ukrferry-მ განაცხადა, რომ 9 ივლისიდან ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკსა და ბათუმს შორის საბორნე მიმოსვლას განაახლებდა, საქართველოს მიმართულებით კი პირველი რეისი 12 ივლისს უნდა შესრულებულიყო. მარშრუტზე 1989 წელს გერმანიაში აშენებული ბორანი, Kaunas იმუშავებს, რომელზეც სხვადასხვა კლასის ნომრებში 250 სამგზავრო ადგილია. ამასთან, ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება არის შესაძლებელი.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მარშრუტის რუკა აჩვენებს, რომ ბორანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ფართოდ აუვლის გვერდს.

საქართველოსთან საბორნე მიმოსვლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ შეჩერდა. Reuters-ის შეფასებით, მისი განახლება კიევს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

სააგენტო წერს, რომ უკრაინამ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში დერეფანი გასულ წელს მას შემდეგ გახსნა, რაც უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა იქიდან რუსული სამხედრო ხომალდები საზღვაო დრონების თავდასხმებით განდევნეს. ამ დერეფანმა უკრაინას საშუალება მისცა, მარცვლეულისა და ლითონის ექსპორტი გაეზარდა.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური ლიტვინმა კიევში გამართულ მარცვლეულის შენახვის ფორუმზე (Grain Storege Forum) 28 მაისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ უკრაინა მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე იყო. მისი თქმით, საბორნე ხაზის ოპერირება დამოკიდებული იქნება ბაზარზე, კერძოდ, სოფლის მეურნეობის კულტურათა მოსავლიანობაზე, დარგის მუშაობაზე, ექსპორტ-იმპორტისთვის განკუთვნილი საქონლის ნომენკლატურასა და მთლიანად, ეკონომიკის ფუნქციონირებაზე.

ცნობისთვის: 2017 წლის სექტემბერში უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის დეპარტამენტებმა ოდესაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს მუდმივი სარკინიგზო ბორნის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. მიზანი იყო სატვირთო გადაზიდვების განვითარება ევროკავშირი-უკრაინა-შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯან-კასპიის ზღვა-აზიის რეგიონის ქვეყნების მარშრუტით, რომლის დროსაც უკრაინის რკინიგზის ბორნები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სახელდებოდა ორი ბორანი, სახელწოდებით, „პლევნის გმირები“ („Heroes of Plevna“) და „შიპკის გმირები“ („Heroes of Shipka“), რომლებსაც უკრაინის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცურვის ნებართვა ჰქონდათ მინიჭებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ