უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა თავის სამგზავრო ბარათ Wizz Multipass-ს კიდევ სამი ქვეყანა, კვიპროსი, ბულგარეთი და ავსტრია დაამატა.
ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
ამით Wizz Air-მა აბონემენტ Wizz Multipass-ის მოქმედების არეალი მთლიანობაში 10 ქვეყანაში გააფართოვა. ეს ქვეყნებია: იტალია, პოლონეთი, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ბულგარეთი და ავსტრია.
სამგზავრო აბონემენტი, Wizz Multipass თვეში ერთხელ და ერთი წლის განმავლობაში შერჩეული ქვეყნიდან ნებისმიერ საერთაშორისო მარშრუტზე ფიქსირებულ ფასად მგზავრობის საშუალებას იძლევა. ამასთან, ამ ბილეთის დაჯავშნა გამგზავრებამდე სულ რაღაც 5 დღით ადრე არის შესაძლებელი. სამგზავრო ბარათის შესაძენად მგზავრმა უნდა შეარჩიოს ქვეყანა, ცალმხრივი ან ორმხრივი ფრენა და მიუთითოს, სჭირდება თუ არა დამატებითი ხელბარგი და ბარგი, რაზეც Wizz Multipass-ის საბოლოო ფასი არის დამოკიდებული.
Wizz Air-ის რეისებზე წლიური ბარათის გამოწერის შემთხვევაში მგზავრი თანხას ყოველთვიურად იხდის და თვეში ერთხელ ფრენა ფიქსირებულ ფასად შეუძლია. თუ ამას არ გააკეთებს, ბარათი უქმდება და მომდევნო თვეში არ გადადის. უკვე გაცემულ სამგზავრო ბარათში ავიაკომპანიას ცვლილებები არ შეაქვს. ფრენა მხოლოდ ბარათის მფლობელს შეუძლია და სხვა პირისთვის მისი გადაცემა არ შეიძლება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ