YouTube-მა სანქცირებული მოსკოვის ბირჟის არხი დაბლოკა

YouTube-მა მოსკოვის ბირჟის არხი დაბლოკა, რასაც ვიდეოჰოსტინგის მონაცემები აჩვენებს. ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

კერძოდ, მოსკოვის ბირჟის YouTube-არხზე შესვლისას ჩნდება შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ გვერდი მიუწვდომელია, ხოლო ბირჟის Telegram-არხზე დადებულ ვიდეოლინკზე გადასვლისას ჩნდება შეტყობინება, რომ „ვიდეო მიუწვდომელია, რადგან მასთან დაკავშირებული YouTube-ანგარიში წაიშალა.”

Forbes-ს მოსკოვის ბირჟის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „ბირჟას 10-ზე მეტი საკუთარი საკომუნიკაციო არხი აქვს და YouTube-არხი მთავარი არ იყო. ის სხვა არხებთან ერთად, ვიდეოკონტენტის განსათავსებლად და მოვლენების ონლაინ მაუწყებლობისთვის გამოიყენებოდა.”

პრესსამსახურში YouTube არხის დაბლოკვის მიზეზებს არ აზუსტებენ და აცხადებენ, რომ “ბირჟა სხვა პლატფორმებზე დაფუძნებულ ციფრულ საკომუნიკაციო არხებს განავითარებს.”

YouTube-ის მფლობელი Google-ია, რომლის მშობელი კომპანიაც American Alphabet-ია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვიდეოჰოსტინგი სანქცირებული პირების არხებს ბლოკავს. კერძოდ, ივლისის დასაწყისში YouTube-მა რუსი მომღერლების, შამანის, პოლინა გაგარინას და კიდევ რამდენიმე შემსრულებლის არხები დაბლოკა. ყველა მათგანი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.

ცნობისთვის: 12 ივნისს აშშ-ის ხაზინამ სანქციების სიას მოსკოვის ბირჟა და მისი ძირითადი საანგარიშსწორებო სტრუქტურები, ეროვნული კლირინგ-ცენტრი და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი დაამატა, რის შემდეგაც რუსეთში დოლარზე, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარზე ვაჭრობა შეწყდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ