2023 წელს ფოთის საკრებულოს წევრებმა 81-ჯერ გააცდინეს სხდომები, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30 ერთეულით აჭარბებს. ამასთან, არასაპატიო მიზეზით, 69 გაცდენა დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ცნობით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და TI-დაკვირვებებს, რომლის მიხედვითაც, ფოთის საკრებულომ 2023 წელს 1.792 მლნ ლარზე მეტი დახარჯა, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე 1.502 ლარზე მეტი.
რაც შეეხება სხვა ძირითად მიგნებებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განმარტავს:
ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
ფოთის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
ფოთის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან ხარვეზებით დეკლარაცია მხოლოდ ერთმა შეავსო;
საკრებულოს ფრაქციებს - “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა” და “ფოთი საქართველოსთვის” არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ. მხოლოდ ერთი ინიციატივა ჰქონდა ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”;
ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 467,410 ლარი შეადგინა, რაც 51,124 ლარით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;
გაიზარდა საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი, 2023 წელს საკრებულოს წევრებმა 81-ჯერ გააცდინეს საკრებულოს სხდომები, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30 ერთეულით აჭარბებს. საკრებულოს წევრებმა სხდომები არასაპატიო მიზეზით 69-ჯერ გააცდინეს;
ფოთის საკრებულომ 2023 წელს 1,792,572 ლარი დახარჯა, რაც 226,776 ლარით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 1,502,572 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა;
საკრებულომ 2023 წელს 79,786 ლარად შეისყიდა 30.2 ტონა საწვავი, რომლის საერთო ოდენობის 13.7% (4,147 ლიტრი) ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ მოიხმარა;
2023 წელს გაწეული საქმიანობისთვის გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად 116,478 ლარი მიიღეს იმ წევრებმა, რომლებიც არ იკავებენ თანამდებობას. სატელეფონო კომუნიკაცია ფოთის საკრებულოს 8,358 ლარი დაუჯდა. სამივლინებო ხარჯებმა 15,436 ლარი შეადგინა.