გასულ წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეთა რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა და შეადგინა 376,6 ათასი მოსახლე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში“ არის აღნიშნული.
თუმცა, აღსანიშნავია, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონეთა რაოდენობა კიდევ შემცირდა და ჯამში 259 241 მოქალაქე შეადგინა. მათ შორის, ყველაზე მეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხოვრობს.
რაც შეეხება, მუნიციპალურ ჭრილში მაჩვენებლებს, ყველაზე მეტი პირი ახალქალაქის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებშია რეგისტრირებული, ხოლო ყველაზე ნაკლები - მესტიის, ყაზბეგის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
უფრო კონკრეტულად:
როგორც სტრატეგიაში ვკითხულობთ, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შემცირება ქვეყანაში საერთო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება და მისი ნაწილია.
„თუ გავაანალიზებთ მხოლოდ 2022 წლამდე არსებულ მონაცემებს, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მაღალი ემიგრაციული პროცესების გავლენა გამოვრიცხოთ, 2015-2021 წლებში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა შემცირდა 2.3%-ით მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (თბილისის გამოკლებით) შემცირდა უფრო მეტად - 3,2%-ით. თბილისის ჩათვლით არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა გაიზარდა 0.47%-ით, რადგან თბილისში მაღალია როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია და მისი მოსახლეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შემცირება ქვეყანაში საერთო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება და მისი ნაწილია“,- აღნიშნულია დოკუმენტში.