ღია ესკალატორები და ლიფტები შშმ პირებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური სადგურის განახლებული ბაქნები

თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნები განახლდება. ამასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ“ სახელმწიფო შესყიდვა 21 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 26 ივლისს სრულდება.

ბაქნების რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 063 760 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა რეკონსტრუქციისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები უნდა განახორციელოს ორ ეტაპად, კერძოდ: პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ N3 ბაქნის რეკონსტრუქცია და მისი დასრულების შემდგომ დაიწყოს მეორე ეტაპი - N2 ბაქნის რეკონსტრუქცია (ან პირიქით, ჯერ N2 ბაქნის და შემდგომ N3 ბაქნის რეკონსტრუქცია);

baqani2-1721817656.jpg

პროექტის მიხედვით, ორივე ბაქანზე მოეწყობა 4 ესკალატორის (თითო ბაქანზე 2 ერთეული). შემოთავაზებული ესკალატორ(ებ)ი განკუთვნილი უნდა იყოს გარე სივრცეში მონტაჟისთვის, უნდა გააჩნდეს უჟანგავი ფოლადის შეფუთვა და მოაჯირები, ეკონომ რეჟიმი (ავტომატური დაძვრა და გაჩერება) და აღჭურვილი უნდა იყოს წყალმომცილებელი სისტემით. ესკალატორ(ებ)ი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ EN115 (ამ მოქმედ საერთშორის ანალოგ) სტანდარტს. ამასთან, ყველა ბაქანზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბილიკები მხედველობა შეზღუდული ადამიანებისათვის.

„მეორე და მესამე ბაქანი გარე სივრცესთან მოსახვედრად იყენებს 4 კიბეს. 2 მათგანი მდებარეობს დასავლეთის მხარეს, ხოლო 2 - აღმოსავლეთის მხარეს. ლიანდაგების თავზე გარდამავალი შენობის (კონკორსის) სვეტებში მოწყობილია 2 ლიფტი (თითო მე-2 და მე-3ბაქანზე), რომლებიც დღეის მდგომარეობით უმოქმედოა, თუმცა, დამკვეთის მიერმ ოწოდებული ინფორმაციის თანახმად ლიფტები ახალი და შემოწმებულია. მათი ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება ბაქნების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ. აღნიშნული ლიფტები გამოყენებული იქნება შშმ პირებისათვის. პირველ ბაქანზე მოსახვედრად ვაგზლის შენობაში მოთავსებულია მოქმედი ლიფტი“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

baqani1-1721817655.jpg

ცნობისათვის, სამგზავრო ბაქნები თბილისის ცენტრალური ვაზგალთან ერთად აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში.

baqani-1721817654.jpg