პოლონეთში უმუშევართა რაოდენობა 34-წლიან მინიმუმამდე დაეცა

პოლონეთში სრულ განაკვეთზე 16 მლნ ადამიანი მუშაობს, ხოლო უმუშევრობის დონე 4,9%-მდე დაეცა. ინფორმაციას Wpost სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივნისში პოლონეთში ოფიციალურ უმუშევართა რიცხვი 762,200 ადამიანამდე შემცირდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1990 წლის ივნისის შემდეგ, როცა ქვეყანაში 699,000 უმუშევარი დაფიქსირდა.1990 წლის გარდა, პოლონეთის თანამედროვე ისტორიაში უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მეორეჯერ 2022 წლის ივლისში დაფიქსირდა, როცა ომის გამო ემიგრაციაში მყოფმა უკრაინელებმა პოლონეთის ბაზარზე ვაკანსიების შევსება დაიწყეს.

პოლონეთში სულ 17,1 მლნ ადამიანი არის დასაქმებული, საიდანაც სრულ განაკვეთზე 16 მილიონი ადამიანი მუშაობს. პოლონეთის სტატისტიკის სამმართველოს უმუშევრობის მაჩვენებლები Eurostat-ის მონაცემებისგან განსხვავდება. ევროპის სტატისტიკის სააგენტოს მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე მხოლოდ 3%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

უმუშევრობის დაბალი, ანუ 2,7%-იანი დონით ჩეხეთი ლიდერობს. თავად ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 6%, ხოლო ევროზონის 6,4%-ია.

ივნისში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ესპანეთსა (11,7%) და საბერძნეთში (10,6%) დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ