ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაეცნო. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის მოწყობის, რეციკლირების, რკინა-ბეტონის ღარებისა და მილის სათავსების მოწყობის სამუშაოები. მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია, გზის სავალ ნაწილზე საფუძვლის რეციკლირებასა და ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის, კიუვეტების, გაბიონების, საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების განხორციელება. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 046 700 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

აღნიშნული მონაკვეთი იწყება სოფელ ახალქალაქის ტერიტორიაზე და მთავრდება სოფელ მთიულთუბანში. ეს გზა წარმოადგენს სოფლების: ახალქალაქი, ახალციხე, ნოსტე, მთიულთუბანი კავშირს საქართველოს საავტომობილო საგზაო ქსელთან. გარდა ამისა, გამოყენებულია სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებითაც. სამუშაოებზე 70 ადამიანია დასაქმებული.