ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტი 44,7 მლნ ლარით იზრდება

თბილისის ბიუჯეტი 44,7 მლნ ლარით იზრდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ირაკლი აბესაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თამაზ შოშიაშვილთან ერთად, თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.  ირაკლი აბესაძის თქმით, შიდა გადაადგილების შედეგად, ჯამში თბილისის ბიუჯეტში ცვლილება შეადგენს 50 მილიონ ლარზე მეტს, საიდანაც სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას 14,4 მლნ ლარი მოხმარდება.  ირაკლი აბესაძემ ასევე აღნიშნა, რომ ერთი თვით ადრე ოლიმპიადის ღონისძიებებისთვის 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 18 მილიონი ლარის სესხი კი საგზაო სამუშაოებზე დაიხარჯება. აბესაძემ საუბრისას დასძინა, რომ სარეაბილიტაციო ქუჩების ჩამონათვალი ჯერ ცნობილი არ არის.

"როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ სიტუაციაშიც კი ცდილობს სტიქიის ლიკვიდაციის საფარქვეშ ბიუჯეტში გააძვრინოს ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს იმ კორუფციული სქემების გაღრმავებას, რომელიც თბილისის მერიაში არსებობს", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტით, გზების რეაბილიტაციისთვის 65 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიას 18 მილიონიანი ლარის სესხის აღება აღარ უნდა დაჭირვებოდა, თუ კეთილმოწყობის სამსახური ამ თანხებს გონივრულად დახარაჯავდა. აბესაძის თქმით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებით თანხები აკლდება ბინათმესაკუთრეთა და გამწვანების პროგრამებს, კერძოდ 3-3 მილიონი ლარით მცირდება აღნიშნული პროგრამები. აბესაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თანხებს აკლებს იმ პროგრამებს, რომლის განხორციელებაც ეფექტურია და თანხები გადააქვს იქ, სადაც კორუფციის შესახებ ეჭვები არსებობს.

ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით თამაზ შოშიაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მიესალმებოდნენ, თუ სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის მეტი თანხა იქნებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი. შოშიაშვილის თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გათვალისწინებული 14,4 მლნ ლარიდან უშუალოდ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიზნით მხოლოდ 2,4 მლნ ლარი გამოიყოფა, ანუ თანხის მხოლოდ 0,3%. შიშიაშვილის თქმით, 14,4 მილიონი ლარი წარმოადგენს ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილ, ასევე პრეზიდენტის ფონდიდან და მოქალაქეების შემოწირულობიდან შესულ თანხებს და მხოლოდ 2,4 მილიონი ლარი არის მერიის მიერ გამოყოფილი თანხა სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის.

თამაზ შოშიაშვილმა საუბრისას დასძინა, რომ თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისათვის განკუთვნილ 88 მილიონ ლარს არც ერთი თეთრი არ აკლდება. ცვლილებების შედეგად, თბილისის ბიუჯეტი 912 მილიონი ლარი იქნება.