ესპანეთის საფეხბურთო კლუბ მადრიდის "რეალის" საოპერაციო შემოსავალმა (ფეხბურთელების ტრანსფერების გარეშე) 2023-2024 ფინანსური წლისთვის 1,073 მლრდ ევრო შეადგინა, რაც, 2022/23 ფინანსურ წელთან შედარებით, 27%-ით, ანუ 230 მლნ ევროთი მეტია.
ამის შესახებ კლუბის დირექტორთა საბჭოს მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში წერია, რომლის სხდომაც 23 ივლისს გაიმართა. ინფორმაცია "რეალის" ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.
ამდენად, მადრიდის "რეალი" გახდა პირველი საფეხბურთო კლუბი, რომლის შემოსავალმა ერთ სეზონზე 1 მლრდ ევროს გადააჭარბა. პირველი კლუბი, რომელმაც 2017/18 წლების სეზონზე 1 მლრდ დოლარის ზღვარი გადალახა, ბარსელონა იყო. მაშინ კატალონიელთა შემოსავალმა 1,05 მლრდ დოლარი (დაახლოებით, 914 მლნ ევრო) შეადგინა. ბარსელონა 1 მლრდ ევროს წლიურ შემოსავალს 2021 წლისთვისაც მოელოდა, თუმცა კორონავირუსული პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.
კლუბის განცხადებაში წერია, რომ „რეალის“ EBITDA-ს, ანუ გადასახადამდე, ცვეთა-ამორტიზაციამდე და პროცენტამდე მოგებამ 156,3 მლნ ევრო შეადგინა, რაც წინა წლის 12 მლნ ევროს მოგებაზე 32%-ით მეტია. 30 ივნისისთვის “რეალის” კერძო კაპიტალი 574 მლნ ევროდ შეფასდა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების Forbes-ის 2024 წლის რეიტინგში მადრიდის “რეალი” პირველ ადგილზეა. კლუბი 6,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილს 6,55 მლრდ დოლარით ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” იკავებს, ხოლო მესამეზე “ბარსელონაა,” რომლის საბაზრო ღირებულებაც 5,6 მლრდ დოლარია.
საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მონაცემებით, მადრიდის „რეალი,“ ასევე, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო ბრენდების რეიტინგში ლიდერობს. ესპანური კლუბის საბრენდო ღირებულება 1,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ