Barbie-ის ისტორიაში პირველი „უსინათლო“ თოჯინა შეიქმნა

სათამაშო Barbie-ის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Mattel-მა “უსინათლო” თოჯინა გამოუშვა. ინფორმაციას CNN ამერიკის უსინათლოთა ფონდზე (AFB) დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ ფონდთან Mattel სათამაშოს შემუშავების პროცესში თანამშრომლობდა.

ახალ თოჯინას უსინათლოებისთვის განკუთვნილი ხელჯოხი წითელ-თეთრ ფერებში და მზის სათვალე მოჰყვება, რაც მხედველობის დარღვევის მქონე რეალურ ადამიანებს თვალის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.

„უსინათლო“ Barbie-ის მზერა "ოდნავ ზევით და გვერდით" არის მიმართული, როგორიც მხედველობადაკარგული ადამინის მზერაა. თოჯინის ტანსაცმელი ტაქტილური ქსოვილისგან არის შეკერილი და მას ატლასის ზედა და ტექსტურირებული ტიულის ფურფუშებიანი ქვედაკაბა აცვია. ამასთან, სათამაშოს შეფუთვაზე წარწერა, “Barbie“ ბრაილის, ანუ უსსინათლოთა რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტით არის შესრულებული.

მხედველობადაკარგული ადამიანების ავთენტური იმიჯის შესაქმნელად Mattel, ასევე, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის ბრმა ადამიანების ეროვნულ სამეფო ინსტიტუტთან (RNIB) თანამშრომლობდა.

ცნობისთვის: 2022 წლის მაისში Mattel-მა, თავისი ინკლუზიური ხაზის, Fashionista-ს ფარგლებში, სმენის აპარატის მქონე Barbie-ის პირველი თოჯინის გამოშვება დააანონსა. სათამაშოს შემუშავებაში საგანმანათლებლო აუდიოლოგიის სპეციალისტმა, დოქტორ ჯენ რიჩარდსონმა მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით, 2023 წლის აპრილში კომპანიამ დაუნის სინდრომის მქონე Barbie-ის პირველი თოჯინა წარადგინა. მის შექმნაში აშშ-ის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ეროვნული საზოგადოების (NDSS) სპეციალისტები მონაწილებოდნენ.

Mattel-მა ინკლუზიური თოჯინების შემუშავება 2020 წელს დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ