biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების შეძენას მომხმარებლები მხოლოდ საქართველოდან შეძლებენ

biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენას საიტზე უცხოეთიდან შესული მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

ჩხიკვიშვილმა სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შეფერხების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ სისტემაზე მოხდა ძალიან დიდი დატვირთვა.  "საიტს მოაწყდა ძალიან ბევრი ხალხი. ამჟამად მიმდინარეობს სისტემის სერიოზული განახლება, ემატება სერვერები, აპარატურა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საღამოსკენ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ რამდენიმე ათეულით გაიზრდებოდა მოთხოვნა, მაგრამ ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი იყო უცხოეთიდან შემოსული. ამჟამად ჩვენ ჩავხსენით ეს არხი და მარტო ქართველი მომხმარებელი შეძლებს ბილეთების შეძენას", - განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.

მანვე განმარტა, თუ რას ნიშნავს ბილეთების ლატარიის პრინციპით გაყიდვა. "ეს ნიშნავს იმას, რომ საიტი ერთდროულად შესყიდვის უფლებით უშვებს გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე ასეულ ადამიანს, შემდეგ, როგორც კი რომელიმე ამ ადამიანებისგან იყიდის ბილეთს, ადგილი გათავისუფლდება და ლატარიის პრინციპით ხდება შერჩევა შემდეგი მომხმარებლის, რომელიც არის რიგში", -აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.