"აფბას" შეფასებით, სახელმწიფო ელექტროსისტემის 10-წლიანი სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის

"აფბას" შეფასებით, სახელმწიფო ელექტროსისტემის 10 წლიანი სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია "აფბა" ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის შემუშავებას და მის გავლენას ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და დარგის განვითარების პროცესებზე.

"აფბას" ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით, ქართულ ეკონომიკაში ენერგეტიკის სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი მისი საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე და ქვეყანაში საკმაოდ დიდი რესურსები არის ჰიდროენერგეტიკის განვითარების კუთხით.

"როდესაც საუბარი არის რესურსებზე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს, დაახლოებით, 80 მლრდ კვტ./სთ ენერგიის რესურსი აქვს, თუმცა აქედან ინვესტორებისთვის ეკონომიკურად საინტერესო მხოლოდ 40 მლრდ.კვტ/სთ ენერგიის პოტენციალია. სულ საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ სიმძლავრეებში, დაახლოებით, 15500 მგვტ დადგმული ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეა, თუმცა, სამწუხაროდ, დღესდღეობით ქვეყნის მთლიანი პოტენციალის, დახლოებით, 18% არის ათვისებული, რაც 2800 მგვტ-ს შეადგენს. იმისათვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საჭიროა სახელმწიფოსა და მთავრობის ძირითადი ზრუნვის საგანს წარმოადგენდეს ქვეყანაში საერთო საინვესტიციო გარემოს მუდმივი გაჯანსაღება, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი განვითარების ხედვებისა და სტრატეგიების შემუშავება. ამ კუთხით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ, რაც მომავალი 10 წლის განვითარების ხედვებსა და სავარაუდო სცენარებს მოიცავს. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილია ელექტროენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა და წლების მიხედვით არის გაწერილი, თუ როგორი სურათი იქნება შედგომი წლების განმავლობაში", - აცხადებს გვიდიანი.

მისივე თქმით, ინვესტორისთვის სტრატეგიულ განვითარებას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით ადვილი ხდება ინვესტიციის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც ცნობილია მომავალი წლების სავარაუდო ენერგეტიკული საბალანსო პროგნოზები. "ასევე დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი სავარაუდო გენერაციის ობიექტებისა და გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომელიც გათვლილია ელექტროენერგიის საგარეო ვაჭრობის კუთხით, რაც ინვესტორს აძლევს მომავალში გასაღების ბაზრის ანალიზის გაკეთების საშუალებას. ასევე სტრატეგიიდან შესაძლებელია შიდა მოხმარების განვითარების სცენარების ანალიზი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინვესტორის მოტივაციას ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით", - განაცხადა გვიდიანმა.

მან ხაზი გაუსვა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობას ინვესტირების გაადვილების კუთხით.  "კიდევ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ინვესტორისთვის, რომელიც ხვდება აბსოლუტურად უცხო გარემოში და არ იცნობს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას, აღნიშნული დოკუმენტით შესაძლებელი ხდება ქვეყნის მთლიანი ენერგეტიკული ვითარების შესწავლა. გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა, გარდა ინფორმაციული დატვირთვისა და შესაძლო პროგნოზებისა, ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. ერთი მხრივ, ასეთი ტიპის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება არის გარკვეული მესიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ზოგადად დარგი და მისი განვითარება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ, სტრატეგიული დაგეგმვა ქმნის სტაბილურობის განცდას, რაც უცხოელი ინვესტორისთვის ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ფაქტორია", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.