მაღალმთიან სოფლებში პარამედიკოსების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა - რა თანხა დაიხარჯა სამედიცინო პერსონალზე

2024 წლის ივნისის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებებში ჯამში 632 ექიმია, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 3 პირით ნაკლებია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, გასული წლის ივნისში 635 ექიმი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, მცირედით გაზრდილია ექთნების რაოდენობა. კერძოდ, თუ შარშან ივნისში მაღალმთიან სოფლებს 996 ექთანი ჰყავდა, წელს იგივე პერიოდში 999 ექთანი ჰყავს.

რაც შეეხება პარამედიკოსებს, რომლის ცნებაც კანონში გასულ წელს გაჩნდა, მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მონაცემების თანახმად, შარშან, ივნისში მხოლოდ 22 იყო წელს იგივე პერიოდში კი 41 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისში პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ჩანაწერში პარამედიკოსის პროფესიის ცნება დაემატა.

პარამედიკოსი, ეს არის შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში, დამოუკიდებლად ახორციელებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის ივნისში, სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე ჯამში 775 695 ლარი გამოიყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 610 436 ლარი.

ნინი ქეთელაური