სამედიცინო ნარჩენების სრულად უტილიზაციისთვის აუცილებელია მედიკამენტები მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ მოექცეს - ნინო ჩხობაძე

„საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სამედიცინო და ქიმიური ნარჩენების უტილიზაციის საკითხებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოში სამედიცინო ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემატიზაციისთვის აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებები მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო ნორმის ქვეშ მოექცნენ.

საქართველოში უნდა შეიქმნას სამედიცინო ნარჩენების გადამუშავების ისეთი სისტემა, როგორიც უცხოეთშია, სადაც აფთიაქები და სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობისგან ვადაგასულ მედიკამენტებს იბარებენ.

„ნარჩენების მართვის კანონმა შემოიღო ნორმა მეწარმეების შესახებ და გვაქვს რამდენიმე ტიპის ნარჩენისთვის შექმნილი ასოციაციები, რომლებიც აგროვებენ, მაგალითად, საავტომობილო ზეთებს, საბურავებს, ელექტრო ნარჩენს და ხდება მათი გადამუშავება. ამას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ჰქვია და ჩვენ ადრევე ვამბობდით, რომ კარგი იქნებოდა, რომ აფთიაქებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შემოეღოთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება.

ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არის შემუშავებული შესაბამისი რეგულაცია, რომელიც მათ ვადაგასული მედიკამენტების შეგროვებას და გადამუშავებას დაავალდებულებს. კარგი იქნება, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ მოექცეს სამედიცინო მედიკამენტები. ზუსტად ასე ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თუ აფთიაქები, იბარებენ ვადაგასულ მედიკამენტებს, რათა არ მოხდეს მათი გაიგივება ჩვეულებრივ ნარჩენებთან. ხშირად მათ შენობებში აქვთ სპეციალური ყუთები, სადაც ადამიანები ვადაგასულ წამლებს ყრიან და ამ გზით ხდება მათი შეგროვება. ასევე უნდა ხდებოდეს ჩვენთანაც.

რა თქმა უნდა, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ ძალიან მკაცრი რეგლამენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ნარჩენთან მიმართებით, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. კონტროლი უფრო უნდა გაიზარდოს და 2023 წლის ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში გვიწერია, რომ ქვეყანაში მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დაცული“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.