თბილისში იაპონური ბაღის გაშენება იგეგმება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი საქართველოში იაპონიის საელჩოს ატაშეს კოჯიმა იასუჰიროსა და საელჩოს მრჩეველს ტომონორი ჰასეგავას შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი თბილისში იაპონური ბაღის გაშენების პროექტს შეეხო. იაპონიის საელჩოს ატაშეს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივად სასარგებლო პროექტების განხორციელება, იაპონური ბაღის გაშენების იდეის განხორციელება კი ამ სახის თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება იქნება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი მსოფლიოს არაერთ ქალაქში განხორციელდა, მაგალითად, იაპონური ბაღები უკვე არსებობს აშშ-ს ქალაქ დენვერსა და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტოშიო კაიტანისთან, რომელმაც ქართულ მხარეს პროექტის მნიშვნელობა და მიზნები პირადად გააცნო.

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა იაპონურ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ბიძინა გიორგობიანი იაპონელ სტუმრებს ბაღისთვის ლოკაციის შერჩევის, ფართის განსაზღვრისა და სატენდერო პროცედურების ქართულ პრაქტიკაზე ესაუბრა. ბაღის გასაშენებლად იაპონური მხარისათვის შეთავაზებული იქნა რამდენიმე ლოკაცია, მათ შორის გოძიაშვილის ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბაღის გაშენების საბოლოო ლოკაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე იქნება განსაზღვრული.

"როგორც იაპონიის საელჩოს ატაშემ განაცხადა, იაპონური ბაღის გაშენების დიდი ხნის იდეა იაპონიის სპეციალური ფონდის მეშვეობით განხორციელდება. The Japan World Exposition 1970 Commemorative Fund - აღნიშნული ფონდი კერძო, არასამთავრობო ფონდს წარმოადგენს და პროექტის განხორციელებისთვის მზად არის გამოყოს 100 000 ამერიკული დოლარი. ქართულმა მხარემ იაპონური ბაღის გაშენების პროექტის შევსებული საგანაცხადო ფორმა ფონდის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროექტი 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 მარტამდე განხორციელდება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ასევე ადგილობრივი მებაღეების მომზადების, კერძოდ, იაპონიაში მგზავრობისა და იქ ყოფნის ხარჯებს.