საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
„დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა და დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა და სოციოლოგმა, პაატა აროშიძემ განაცხადა, ეს არ არის საკმარისი და სახელმწიფომ სხვა მიმართულებებითაც უნდა იმუშაოს.
„ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხით, მაგრამ არის კიდევ ერთი მხარე - ემიგრაციაში წასული მოსახლეობის ასაკობრივი კატეგორია უნდა გავითვალისწინოთ: უმეტესი მათგანი არის საქართველოს შრომის ძალიდან გასული, რომლებიც მშპ-ს შექმნაში ირიბად მონაწილეობენ. მათთვის უკან დაბრუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ პირი წასულია 3-5 წელზე დიდხანს, მეეჭვება, რომ მან ამ ყველაფერზე თანხმობა თქვას და უკან დაბრუნდეს. ჯერჯერობით, საქართველო ვერ სთავაზობს ემიგრანტებს იმ ანაზღაურებას, როგორიც მათ უცხოეთში გააჩნიათ“ - აცხადებს აროშიძე.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე ვითარება ხელს უწყობს მიგრაციის ნეგატიური მიმართულებით ზრდას.
„ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიგრანტების ბედი გვაინტერესებს. აქ რამდენიმე პრობლემა იკვეთება, გარდა ეკონომიკურ-ფინანსურისა: რამდენად ეგუება უცხო ქვეყანაში წასული ადამიანი ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, კულტურას, იცის თუ არა ენა; როგორ აისახება ე.წ. გაყოფილი ოჯახების პრობლემა ორივე მხარეზე - აქ დარჩენილზეც და წასულზეც, რადგან ფიზიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს კი მათ ერთმანეთთან მხოლოდ დისტანციური ურთიერთობა აქვთ; დემოგრაფიული პრობლემები; სწორედ ამ კუთხით უნდა იმუშაოს სახელწმიფომ, რომ მინიმუმამდე იყოს დასული ყველა ეს ფაქტორი, რადგან მარტო ფინანსები არაა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოციოლოგმა.