სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც რკინიგზის სახით თბილისში გვაქვს - გიორგი ბაბუნაშვილი

რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის პლუსებსა და მინუსებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თბილისში მგზავრობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო გამოსავალი სარკინიგზო ხაზის სხვადასხვა უბნების მიმართულებით ამოქმედება იქნება.

„გვაქვს ძალიან დიდი პოტნციალი, რომელსაც ვერ ვიყენებთ. ეს არის ქალაქში გამავალი გამჭოლი რკინიგზის ხაზი, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ ამ ხაზის ამოჭრა და იქ საავტომობილო გზის მოწყობა, მოძრაობას გააუმჯობესებს. რალურად, ეს სრულიად უსაფუძვლო მოლოდინია.

პირიქით, ჩვენ ეს ხაზი უნდა გამოვიყენოთ, როგორც იყენებენ მთელი რიგი განვითარებული ქალაქები, რომ სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანები ვაქციოთ საქალაქო-საგარეუბნო ტრანსპორტის ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს სახეობად. რკინიგზის ხაზის ძირითადი კაპიტალური ინფრასტრუქტურა არის ფონიჭალის, გარდაბნის მიმართულებით.

პატარ-პატარა პლატფორმები არის ასევე ისანში, ავჭალაში, ზაჰესში. ესენი იყო ადგილობრივი გადაყვანისთვის, რადგან საბჭოთა პერიოდში იყო ბევრი მოკლე მარშრუტზე მოძრავი ელექტრო მატარებელი, რომელიც ამ პლატფორმებზე ჩერდებოდა და მაგალითად ავჭალაში მცხოვრებ მგზავრს, რომელიც ცენტრში მუშაობდა, შეეძლო სადღაც 10-15 წუთში ყოფილიყო სადგურის მოედანზე, გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ის ავტობუსით ან ტრამვაით ან თუნდაც შემდეგ მეტროზე გადაჯდომით მოვიდოდა. ეს იყო უმოკლესი კავშირი.

ასევე სადგურის მოედანთან იყო გაჩერებები, რომლიდანაც შეგიძლია ერთი ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდე. ასევე შეიძლება გაკეთდეს საესკალატორო გვირაბი, რომელიც ადამიანს მეტროსთან დააკავშირებს. ფინანსურად ეს ძალიან ძვირი, მაგრამ კარგი პროექტებია“,- აღნიშნა გიორგი ბაბუნაშვილმა.

მისი თქმით, ქალაქის მთავრობის მიზანი არა საცობების განტვირთვა, არამედ სატრანსპორტო პოლიტიკის ისე მოწესრიგება უნდა იყოს, რომ მძღოლბმაც და ქვეითბმაც სწრაფად და მარტივად იმგზავრონ.

ნათია ზარიძე