"ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა საკუთარი ინიციატივით უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში"

როგორია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქრთველოში და როგორი აქტივობა დაფიქსირდა ბიზნეს სექტორის მხრიდან დაზარალებულთა დასახმარებლად?

ამ საკითხებზე, "კვირის 20-30"-ში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ექსპერტმა გიორგი ეზუგბაიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ბიზნეს-სექტორმა უპრეცედენტო მხარდაჭერა და აქტივობა გამოავლინა. სოლიდარობა გამოიჩინეს როგორც მცირე მეწარმეებმა, ასევე მსხვილმა კომპანიებმაც.

,,სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დღემდე ითვლიან. ზარალის შეფასებაში მსოფილიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთვება და უმოკლეს დროში გვექნება დასკვნა. ბანკები შეისწავლიან დაზარალებული ოჯახების საკრედიტო დავალიანებებს და მათ ვალების რესტრუქტურიზაციას ან ჯარიმების ჩამოჭრას შესთავაზებენ. კარგი იქნება, თუ სესხები ამ დაზარალებულ ოჯახებს მთლიანად ჩამოეჭრებათ. მისასალმებელია კერძო სექტორის ის უპრეცენდენტო სოლიდარობა, რაც ამ დღეებში იქნა გამოხატული. ამ დროისთვის მათ მიერ, დაახლოებით 6 მილიონი ლარია მობილიზებული. იმედი მაქვს, რომ ბიზნეს კომპანიები საყოველთაოდ აღიარებული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს გაითვალისწინებენ და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან დაზარალებულთა დასახმარებლად", - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი ეზუგბაიამ უცხოეთში, მსგავსი სტიქიების დროს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით არსებულ გამოცდილებაზეც ისაუბრა, თუ რამდენად შეესაბამება ქათული ბიზნესსექტორის მოწადინება საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ექსპერტი აცხადებს, ამ მიმართულებით დასავლეთში, უკვე წლებია, ერთგვარი ტრენდი ჩამოყალიბდა - რაც უფრო წარმატებული ხარ ბიზნესში, მით მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გაკისრია.

,,შემიძლია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის მაგალითი მოვიყვანო, რომელიც სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხული თანხების დეკლარირებას არ ახდენს და წმინდა ქველმოქმედებითაა დაკავებული, მეტიც, კომპანია ყოველთვიურად ახორციელებს სოციალური ინვესტირების ფონდებში თანხების გადარიცხვას. მარტო ევროპაში, დაახლოებით 300 სოციალური ინვესტირების ფონდი არსებობს. დღევანდელი მონაცემებით, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების 3/4 ევროპულია, 1/4 კი ამერიკული", -აღნიშნა ექსპერტმა.

ეზუგბაიას განცხადებით, ქართულმა ბიზნესკომპანიებმა საკუთარი ინიციატივით უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში. დღეს, სოციალურ აქტივობას შეუძლია ბიზნესი უფრო ეფექტიანი გახადოს და გაზარდოს კომპანიის მოგება. ოღონდ მათი სოციალური აქტივობა არ უნდა იყოს ქაოტური, ორგანიზებულად უნდა განხორციელდეს მიზნობრივი ჯგუფების დახმარება.