ევროკავშირში ელექტროტექნიკის შეკეთება კანონით სავალდებულო გახდა

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების უფლებას უკვე კანონი იცავს. შედეგად, ისინი ახლის ყიდვის ნაცვლად, გაფუჭებული მოწყობილობის შეკეთებით ხარჯს დაზოგავენ.

ამიერიდან ევროკავშირში ელექტროსაქონლის გამყიდველმა კომპანიებმა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გაუმართავი ელექტრომოწყობილობის შეცვლის მაგივრად ნივთის უფასო შეკეთება უნდა უზრუნველყონ. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევების დროს დაიშვება, თუ შეკეთებაზე უფრო იაფი მისი სრული ჩანაცვლება დაჯდება.

საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგაც ტექნიკის გაფუჭების შემთხვევაში კომპანიებმა მოწყობილობის შეცვლის ნაცვლად, მაინც მისი შეკეთება უნდა შესთავაზონ მომხმარებელს, ხოლო შეკეთების შემდეგ საგარანტიო ვადა 12 თვემდე გაიზრდება.

ამასთან, ევროკავშირში სპეციალური ონლაინ პლატფორმა შეიქმნება, სადაც ელექტროტექნიკის მფლობელებს საშუალება ექნებათ, საუკეთესო სარემონტო შეთავაზებებსა და შეკეთებისთვის საჭირო დროს გაეცნონ.

ევროკავშირმა ევროპის მწვანე შეთანხმების (European Green Deal) ფარგლებში ციკლური ეკონომიკის ვალდებულება აიღო, რაც „მწვანე” ინიციატივების წახალისებას გულისხმობს. ასეთი ეკონომიკის ძირითადი პრინციპები ნედლეულისა და ენერგიის დაზოგვით, ასევე, ნივთების მომსახურების ვადის გაზრდის შედეგად ბუნებრივი რესურსების დაცვა-შენარჩუნებაა.

ცნობისთვის: ევროკავშირში აკუმულატორული ბატარეების მწარმოებლები უკვე დაავალდებულეს, ბატარეები მათი შემდგომი შეკეთების გათვლით აწარმოონ. ეს მსგავსი ნარჩენების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს და კლიენტებსაც ფულს დააზოგვინებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ