ისრაელში უვიზოდ შესვლის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზები 1 აგვისტოდან ოფიციალურად ამოქმედდება.
ახალი წესი ქვეყნის ტურიზმის სამინისტრომ ჯერ კიდევ ივნისიდან დააანონსა და შეეხება ყველა ქვეყანას, რომელთანაც ისრაელს ამჟამად უვიზო მიმოსვლა აქვს.
ქვეყანაში ტურისტული ან საქმიანი მიზნებისთვის 90 დღით შესასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ვებგვერდის საშუალებით ელექტრონული ვიზის, ანუ Electronic Travel Authorization-ის (ETA-IL) მისაღებად განაცხადი უნდა წარადგინონ.
მოქალაქეებმა ონლაინ-ნებართვა წინასწარ უნდა აიღონ. მართალია, პლატფორმაზე განაცხადის წარდგენა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას იძლევა, რომ ეს განსახლების ობიექტისა თუ ტრანსპორტის დაჯავშნამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე გაკეთდეს.
გაცემული ნებართვა ძალაში 2 წლის განმავლობაში იქნება და გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურის პასპორტს ვადა გაუვა ან პერსონალური მონაცემები შეიცვლება.
ETA-IL-ს „ვიზა” პირობითად ეწოდება და არა ოფიციალურად, ხოლო ერთ ადამიანზე, მათ შორის, ბავშვებისთვის მისი გაფორმება 10 დოლარამდე ეღირება.
ცნობისთვის: ETA-IL ებრაულ და ინგლისურენოვან პორტალზე სატესტო რეჟიმში 1 ივნისიდან მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები განაცხადს სურვილისამებრ და უფასოდ წარადგენენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ