„ჩინური ბაზარი ძალიან დიდია და ბევრნაირი ავტომობილია. პრობლემა რაც ჯერ არ ჩანს, მაგრამ იქნება აუცილებლად, ესაა ამ მანქანების სერვისი,“ - ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განაცხადა.
როგორც მელაძე აღნიშნავს, ახალ ავტომობილებს სერვისი ნაკლებად სჭირდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გაჩნდება ამ მომსახურების გაწევის აუცილებლობა.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინური ავტომობილები ახალია საქართველოში, ნაკლებად არის ხელმისაწვდომი სპეციალისტი და მანქანის ნაწილები.
„ჩინური ავტომობილები ძალიან ბევრი დასახელებითაა. ვიღაცებმა მოახერხეს თავისი კავშირებით მანქანების ჩამოყვანა. ყველას უნდა თავის ხაზი წარმართოს და ყველას ერთი ხელოსანი ვერ ეყოლება, რადგან სხვადასხვანაირია ეს მანქანები და რთული იქნება დიაგნოსტიკა. გაჭირდება სერვისი და დადგება მომენტი, როცა დაფიქრება მოუწევთ მყიდველებს. რომელიმე კომპანია, ვინც მოასწრებს სერვისის დახვეწას, დარჩება და დანარჩენები გაქრებიან. ბრენდები, რომლებიც ვერ მოახერხებენ ამ სერვისის შეთავაზებას, ნელ-ნელა გაქრებიან ბაზრიდან,“ - დასძინა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
მელაძის თქმით, უმჯობესია თუ მოქალაქეები ჩინეთიდან შემოყვანილ ავტომობილებს მსხვილი იმპორტიორებისგან შეიძენენ, რადგან ისინი სამომავლოდ დაინტერესებული იქნებიან სერვისის უზრუნველყოფით, ექნებათ სათანადო დიაგნოსტირება და ავტომობილის სათადარიგო ნაწილებიც.
„სამწუხაროდ, შემოდის ისეთი მანქანებიც, რომელიც იაფია და შესაძლოა, პატარა საწარმოში აეწყო. სანამ ხალხი კარგად გაერკვევა დეტალებში, გარკვეული პერიოდი იყიდიან და მე მათ რეკომენდაციას მივცემდი, რომ მსხვილი შემომყვანების მიერ ჩამოყვანილი ავტომობილები შეიძინონ და არა ის, რომელსაც 1-2 შემოჰყავს, რადგან მსხვილი შემომყვანები იზრუნებენ იმაზე, რომ საქმე, რასაც ხელი მოჰკიდეს, ბოლომდე მიიყვანონ, სერვისიც ჰქონდეთ და სათადარიგო ნაწილებიც,“ - განაცხადა მელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს შორის ჩინეთი მეორე ადგილზეა და ამერიკას ჩამორჩება. მიმდინარე წლის ექვს თვეში ჯამში იმპორტირებულია 37.118 მლნ დოლარის 1 860 ელექტრომობილი, საიდანაც 11.915 მლნ დოლარის 448 ერთეული ჩინეთზე მოდის.
იხილეთ ასევე: „დადგება მომენტი, როცა დაფიქრება მოუწევთ მყიდველებს“- რა უპირატესობა/ნაკლი აქვს ჩინურ მანქანებს