„წინა წლებთან შედარებით, დაფნაზე მოთხოვნა გაათმაგებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა, დავით კუტალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ივლისში დაფნის ფასი შემცირდა და 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მაქსიმალური ღირებულება კი წელიწადის სხვადასხვა დროს 13-14 ლარამდეც აღწევს.
„მყიდველმა იცის, რომ ამ პერიოდში დაფნა არის ძალიან მძიმე და გასაყიდი პროცენტი არ დაჯდება. აქედან გამომდინარე, ივლისში არის ფასი დაბალი, 8-10 ლარის ღირს ახლა. აგვისტოში ველოდებით ფასების მომატებას, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვით, რამდენით გაიზრდება,“ - ამბობს კუტალია.
მისივე ცნობით, დაფნის კულტურისთვის მარტის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე ზრდის (ვეგეტაციის) აქტიური პერიოდია, რა დროსაც უნდა შეწყდეს დაფნის კულტურის აღება. ასოციაციის დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიების ნაწილი ამ პერიოდში გასაყიდად ჩეხავს დაფნას. აღნიშნულის დასარეგულირებლად ამ ეტაპზე არ არსებობს შესაბამისი კანონი. დავით კუტალიამ კანონში ქვეპუნქტის დამატების ან ტექნიკური რეგლამენტის მიღების თაობაზე უკვე მიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუმცა ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია.
„განცხადებით მივმართე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის. როგორც მაგალითად ნადირობისა და თევზაობისთვის არის შეზღუდული პერიოდი, ასეთი უნდა იყოს დაფნის აღების დროზეც. უნდა იყოს კანონში დამატება ან ქვეპუნქტი ამის შეზღუდვის შესახებ. სახელმწიფო უდგას ფერმერებს გვერდით, რათა გააშენონ პლანტაციები, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ექსპორტზე მეტის გატანა განხორციელდეს, მაგრამ ზოგიერთი კომპანია, თავის ჯიბის გასქელების მიზნით, ჩეხავს და ანადგურებს დაფნას. ეს არის მტკივნეული ამბავი,“ - განაცხადა კუტალიამ.
მისი თქმით, დაფნის მოსავალი საშუალოდ 5000-5500 ტონის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიების ნაწილი დაფნის აღებას ვეგეტაციის პერიოდშიც აგრძელებს და მცენარე ზრდას ვერ ასწრებს, შესაძლოა, ფერმერებმა იმავე რაოდენობის მოსავალი ვეღარ აიღონ.
„5000-5500 ტონა მოდიოდა, მაგრამ წელს ვერ დაგპირდებით, რომ ამდენი იქნება, რადგან ვეგეტაციის პერიოდში დაფნას ჭრიან და ანადგურებენ, ბუნებრივია, რომ იმ მაჩვენებელზე, რაც დაგისახელეთ, ვერ მივა,“ - ამბობს კუტალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასოციაცია ამ ეტაპზე 12-მდე ექსპორტიორს აერთიანებს. კუტალიას თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე დაფნის ექსპორტი ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ხორციელდებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი, გაიზარდა ჩინეთში ექსპორტი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქართული დაფნის ექსპორტი წლიურად 3-ჯერ გაიზარდა. შარშან საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8 მლნ დოლარის დაფნა, წელს ექვს თვეში კი 24.7 მილიონი დოლარის ღირებულების. გასულ წელს ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო, წელს კი ჩინეთი გახდა. კერძოდ, წელს ჩინეთის წილი დაფნის ექსპორტში 80%-ს აჭარბებდა.