საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გლობალ კრედიტი" ჯამში 37 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სებ-ის განმარტებაში ვკითხულობ, მიკროსაფინანსოს ფულადი სანქცია რამდენიმე შემთხვევის გამო დაეკისრა.
კერძოდ:
არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2,000 ლარის ოდენობით, სულ - 4,000 ლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 თებერვლის N164-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის -1 ფაქტის გამო, 7 000 ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის დარღვევის გამოც დაჯარიმდა - 20,000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ეროვნულიო ბანკის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ შესამოწმებელ პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 1 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 2,000-ლარიანი ჯარიმდა.
ასევე, 2 კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო (კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობა), 2,000 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, ჯარიმების საერთო მოცულობამ 37,000 ლარი შეადგინა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გლობალ კრედიტი" 2008 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის წილები კი შემდეგნაირად ნაწილდება: 40-40% ელგუჯა თავბერიძე და სოსო ჭანტურია, ხოლო 20% - თემური ნიკოლაძე. დირექტორია - თემური ნიკოლაძე.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ეროვნული ბანკმა, სხვა და სხვა დარღვევებისთვის, ჯამში 13 საფინანსო ინსტიტუტი დააჯარიმა, ამათგან 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 1 ბანკი, 2 საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი, 2 კი საბროკერო კომპანიაა.