აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი, რომელიც მანამდე კრიპტოვალუტას აკრიტიკებდა, აცხადებს, რომ ქვეყანას კრიპტოვალუტის გლობალურ ლიდერად გადააქცევს და სექტორისთვის უფრო რბილ რეგულაციებს შემოიღებს.
ამის შესახებ ტრამპმა კონფერენცია Bitcoin 2024-ზე განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
მან დემოკრატების მხრიდან სექტორის რეგულირების მცდელობები გააკრიტიკა.
“თუ ჩვენ კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის ტექნოლოგიას არ მივიღებთ, ამას ჩინეთი და სხვა ქვეყნები გააკეთებენ. ისინი დომინანტები გახდებიან, ჩვენ კი ჩინეთის დომინირებას არ დავუშვებთ. მათ ძალიან დიდ პროგრესს ისედაც მიაღწიეს,” - ამბობს ტრამპი.
ის კონკრეტული შეთავაზებით გამოდის და კრიპტოვალუტის, ასევე, ბიტკოინის ეროვნული „მარაგის“ საკითხებზე მომუშავე საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოს შექმნას აანონსებს. საბჭო იმ კრიპტოვალუტას გამოიყენებს, რომელიც სამართალდამცავთა ქმედებებით მნიშვნელოვნად იქნა ამოღებული და ამჟამად აშშ-ის მთავრობის კუთვნილებაა.
„არასდროს გაყიდოთ თქვენი ბიტკოინი. არჩევის შემთხვევაში ჩემი ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პოლიტიკა იქნება ის, რომ აშშ-ის მთავრობის მფლობელობაში ან მომავალში შეძენილი ბიტკოინების 100% შენარჩუნებულ იქნეს,” - აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის: 2021 წლის დასაწყისში დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტას „თაღლითობა“ უწოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ