„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის 29 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული.
ბრძანების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იქმნება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალება.
დადგენილების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში ორი სტრუქტურული ერთეული იქნება: რეგისტრაციის და დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები.
„ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტს შემდეგი ფუნქციები ექნება:
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი (მისი მოვალეობის შემსრულებელი) არის იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი.
დადგენილების თანახმად, დეპარტამენტი 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. კანონს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 28 მაისს დაძლია.
კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღის ვადაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შეექმნა, სწორედ აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა რეესტრის შექმნის საკითხი. რეესტრის ამოქმედების შემდეგ მასში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.