Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება

ამ დროისთვის Biletebi.ge-ზე უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება.

"ყურადღება: UEFA 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ამჟამად არ იყიდება" , - წერია Biletebi.ge-ს ვებგვერდზე, სადაც შესვლა დღესაც რთულია. საიტის ადმინისტრაციის განცხადებით, აპარატურა განახლდა და ვარაუდობენ, რომ ხარვეზები დღეს აღმოიფხვრება. გუშინ კი Biletebi.ge-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიყიდა მხოლოდ 30 ბილეთამდე.  "უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება. გასაყიდად დარჩენილია 29 000-მდე ბილეთი! თუ როდის შეძლებთ დარჩენილი ბილეთების ყიდვას, ჩვენს გვერდზე დავწერთ, სისტემის გაშვებისთანავე", - ეწერა ინფორმაციაში.

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ დილიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. 11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" 22:45 საათზე "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება.