ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე პერიოდში სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შეინიშნება. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სავალუტო ბაზარზე რაიმე სახის არასტაბილურობაზე არ მიუთითებს.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მოკლე ვადაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების კუთხით შესაძლოა, რყევები შეინიშნებოდეს და საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობისთვის სავალუტო ბაზრებზე ჩარევას განახორციელებს.
„ვითარება სავალუტო ბაზარზე არის სტაბილური, თუმცა ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი დგება მოთხოვნა მიწოდების თანაქმედებისა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორების შედეგად. არც ერთი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ გაუარესებულა, პირიქით ხდება სტაბილიზება. არის სტაბილური სავალუტო შემოდინებები როგორც ტურიზმის, ისე ფულადი გზავნილების. სწორედ ეს არის საფუძველი ჩვენი საფინანსო ბაზრის, სავალუტო ბაზრის და ლარის კურსის არსებითი სტაბილურობისა, თუმცა მოკლე ვადაში არ ვართ დაზღვეულები რყევებისგან, თუკი ჩვენ მივიჩნიეთ, რომ აუცილებელია ჩვენი ინტერვენცია, ყოველთვის განვახორციელებთ. მაგრამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ მიგვითითებს რომ რაიმე დესტაბილიზაცია არის მოსალოდნელი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.