„უძრავი ქონების ბაზარზე გადახურების ნიშნებს ვერ ვხედავთ - ფასების ბუმი იყო და ახლა მცირდება“

„დღეის მდგომარეობით, ვერ ვხედავთ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს ან გადახურების ნიშნებს,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უძრავი ქონების სექტორზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, უძრავი ქონების სექტორში უმოქმედო სესხების წილი მცირდება. თურნავამ ისაუბრა იჯარის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ფასები ამ მიმართულებით მცირდება და შეინიშნება ნორმალიზაციის ტენდენციები.

„უძრავი ქონების ბაზარი არის ჩვენი დაკვირვების მუდმივი საგანი. დღეის მდგომარეობით, ვერ ვხედავთ რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს ან გადახურების ნიშნებს. რა თქმა უნდა, უძრავი ქონების ბაზარი, საქმიანობები და ზოგადად, სამშენებლო სფერო წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან სექტორს.

ერთ-ერთი დიდი წვლილი შეაქვს უძრავ ქონებასთან ოპერაციებს ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ ბოლო დროინდელ დინამიკას უძრავ ქონებაში, ბინების ფასები არის თანხვედრაში მშპ-ის ნომინალურ ზრდასთან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აქაც ლოგიკურია დინამიკა და არ გვაქვს საქმე არაჯანსაღ ტენდენციასთან.

ვაკვირდებით მშენებლობის ღირებულებას და აქაც მთლიანობაში არის თანხვედრა, დიდი აცდენა არ არის. საბანკო სექტორი აქტიურად აფინანსებს დეველოპერულ პროექტებს ურბანულ ცენტრებში და მათი აქტივობის ხარისხი ამ ნაწილში უმჯობესდება, უმოქმედო სესხების წილი მცირდება და არაჯანსაღ ტენდენციას ვერ ვხედავთ. იჯარებთან დაკავშირებით ვხედავთ ნორმალიზებას, იყო ფასების ბუმი და ახლა ხდება შემცირება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მერი ტაბატაძე