176 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება - „საზოგადოება და ბანკები“

176 ათასზე მეტ მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება, - ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, 2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 176 121 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, ამ 176 121-მდე მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.

„176 121 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 13.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.4 მლრდ ლარის (55%), ხოლო იურიდიულ პირებზე 6 მლრდ ლარის (45%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 7.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.9 მლრდ ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.3 მლრდ ლარს შეადგენს.

წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა ბიზნეს სესხებში ფიქსირდება (+23.2%, 1 ივლისი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და სამომხმარებლო სესხების მოცულობა კი 11.7%-ით და 22.8%-ით გაიზარდა. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 223 059 ლარს, იპოთეკურის 56 470 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 28 932 ლარს შეადგენს.

sss-1722339692.jpg

2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახლოებით, 22 მლრდ ლარით გაიზარდა და 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 31 მლრდ ლარამდეა. საშუალო წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდას ჩამოუვარდება (+19%).

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს (13.4 მლრდ. ლარი) და ფიქსირებული სესხების მოცულობა 58%-ია (18 მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.

2-1722339732.jpg

2024 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16% შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე (17%).

3-1722339746.jpg

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის ივნისში 2.2% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისიდან.

ssssss-1722339782.jpg

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. შედარებით გაზრდილია იმპორტირებულ პროდუქციაზე ინფლაციური მოლოდინი, კვლავ შენარჩუნებულია გლობალური გამოწვევები, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის შერბილებისგან თავი შეეკავებინა,“- აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი