სოზარ სუბარის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზუსტი ზარალის შესახებ საუბარი ნაადრევია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზუსტი ზარალის შესახებ საუბარი ნაადრევია.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სვანიძის ქუჩაზე უკვე აღწერილია 36 ოჯახი, ასევე თბილისში 53 ოჯახი, დღეს კი იქნება ახალდაბისა და თბილისის შემოგარენში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების შესწავლა. "საბოლოო სურათი გვექნება, ალბათ, დღის ბოლოს. კონკრეტულ ზარალზე ჯერ საუბარი ძნელია. უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები, რომელსაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ჩაატარებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება თქმა, კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა რამდენი ზარალი განიცადა. პირველი რიგის ამოცანაა, უბინაოდ დარჩენილმა ადამიანებმა ძალიან მალე მიიღონ ბინა, დანარჩენზე უკვე შემდგომში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.