McDonald's-ს 2020 წლის შემდეგ მსოფლიოში გაყიდვები პირველად შეუმცირდა, რასაც ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებით ხსნიან.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
კერძოდ, მეორე კვარტალში კომპანიის შედარებითი გაყიდვები, რაც წელიწადზე მეტი ხნის წინ გახსნილი რესტორნების მუშაობას ასახავს, წინა წელთან შედარებით, 1%-ით დაეცა.
ბაირჟაზე 26 ივლისის ვაჭრობის დახურვის მდგომარეობით, წელს McDonald's-ის აქციები 15%-ით დაეცა, ხოლო პირველი კვარტლის მოგებამ 2,97 დოლარი შეადგინა, რაც საშუალოზე დაბალია.
Bloomberg-ის შეფასებით, წელს McDonald's-ის გაყიდვები იმიტომ შენელდა, რომ რესტორნების კლიენტებმა მთელს მსოფლიოში Big Mac-ის მოხმარება შეამცირეს. თუმცა გასული კვარტალის ბოლოს კომპანიამ აშშ-ში 5-დოლარიანი კვების აქცია წამოიწყო. წინასწარი შედეგებით, ეს მომხმარებელს იზიდავს, მაგრამ გაყიდვების ზრდა მხოლოდ წლის ბოლოს იქნება შესამჩნევი. ამასთან, ქსელმა მომხმარებლების მისაზიდად მენიუში სარეკლამო შეთავაზებები შეიტანა.
კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ კრის კემპჩინსკის თქმით, ქსელი „მყარ, ყოველდღიურ ღირებულებებზე“ გააგრძელებს ფოკუსირებას, რადგან მყიდველი თავისი ხარჯის მიმართ უფრო გამჭრიახი ხდება.
ამასთან, ისრაელსა და ჰამასს შორის ომის გამო პროპალესტინური მომხმარებლების მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის სეგმენტში გაყიდვებს კვლავ ამძიმებს. McDonald's-მა ადრე განაცხადა, რომ კლება კონფლიქტის მოგვარებამდე გაგრძელდებოდა. კომპანიამ დაბალი გაყიდვები ჩინეთსა და საფრანგეთშიც დააფიქსირა.
ასევე, შემცირდა საერთო სისტემური გაყიდვები, რომელიც ახალი რესტორნების მუშაობას ასახავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი რესტორნების გახსნა არსებულ პრობლემებს ვერ აკომპენსირებს. ეს მაშინ, როცა McDonald's-ის ქსელი ამბიციური გაფართოების გეგმის შუაგულშია, რომლის მიზანიც 2027 წლისთვის მსოფლიოში 50,000 რესტორნის ფლობაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ