რა ეტაპზეა თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის სამუშაოები - პროექტირებით გერმანული კომპანია დაინტერესდა

თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის დასრულებითი სამუშაოების პროექტირებაზე ინტერესი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალმა გამოხატა. როგორც შესყიდვიდან ირკვევა, მიმდინარეობს წინადადებების შერჩევა/შეფასება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტის სავარაუდო ღირებულებად 5.45 მილიონი ლარი ჰქონდა დასახელებული, პრეტენდენტმა კი სამუშაოების შესრულების ღირებულებად 3.165 მილიონი ლარი (საწყისზე 2.285 მლნ ლარით ნაკლები) დაასახელა.

რაც შეეხება კომპანიას, შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წელს. მისი დირექტორი გერმანიის მოქალაქე კარსტენ გრიზეა. კომპანიის წილების 100%-ს შპს „კოკს კონსალტი“ განკარგავს.

აღსანიშნავის ისიც, რომ „კოკს კონსალტი“ გერმანიაში დაფუძნებული კომპანიაა და 70-ზე მეტ წელს ითვლის. კომპანიას ფილიალები ასამდე ქვეყანაში აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპანია ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება, ანალიზისა და მულტიფუნქციური შედარების საფუძველზე უნდა მოამზადოს ცემენტი ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.

ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს. მოცემულ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადდა დარჩენილი 3.3 კმ-იანი გზის პროექტირებაზე.

მერი ტაბატაძე