"ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია"

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე 100 მილიონ ლარზე მეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისივე განმარტებით, ზარალის დათვლის პროცესი ისევ გრძელდება. "ზარალის დათვლის პროცესი პირველივე დღიდან დაიწყო, ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ დასრულებულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე უკვე 100 მილიონ ლარზე მეტს ითვლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა განსახლების გეგმას წარმოადგენს. "როგორც იცით, მთავრობამ სტიქიის მეორე დღესვე გამოყო 10 მილიონი ლარი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს სჭირდებოდა. უახლოეს დღეებში - ხვალ, ზეგ, უკვე მერია წარმოადგენს განსახლების გეგმას, რომელშიც კატეგორიების მიხედვით იქნება გაწერილი სტიქიის შედეგად რომელ დაზარალებულს რა დახმარება გაეწევა, ასევე მობილიზებულია დონორების ფინანსური დახმარება, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.