ბერძნულ კრიზისში მოყოლილი ქართველები

საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო მცირე დრო რჩება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ ქვეყნის ხელისუფლებამ და კრედიტორებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, საბერძნეთი თვის ბოლოს ფულის გარეშე დარჩება, რასაც დეფოლტი და, შესაძლოა, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლაც მოჰყვეს. არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბერძენი ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, მათ გზას მიჰყვება ქართველი ემიგრანტების ნაწილიც. იმ ქართველებს კი, ვინც წასვლა ვერ მოახერხა, ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირეს, ნაწილმა კი სამსახური საერთოდ დაკარგა. მიუხედავად ამისა, არც ერთი ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ამბობენ, რომ "საქართველოში ესეც არ ექნებათ".

დაუსრულებელი კრიზისი

საბერძნეთი კვლავ დეფოლტის წინაშეა. გუშინ ევროზონის ფინანსთა მინისტრები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიუსელში შეიკრიბნენ, თუმცა შეხვედრა ისე შეწყვიტეს, რომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას საბერძნეთის ვალებით გამოწვეული კრიზისის მოგვარებაზე. მინისტრების შეხვედრას უძღვებოდა ევროჯგუფის თავმჯდომარე იერუნ დაისელბლუმი, მისი თქმით, ევროზონის სამიტზე განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც მათ კვირის მიწურულს გააცნო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა. გუშინვე საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრმა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ, ახალი შეთანხმების შესახებ დეტალები გააჟღერა. იგი საბერძნეთში ბიზნესისთვის და მდიდრებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღებას ითვალისწინებს. ასევე იგეგმება ზოგიერთ ნივთზე დღგ-ს გადასახადის გაზრდა. მინისტრის გამოსვლამ ბევრს გაუჩინა იმედი, რომ ახალი შეთანხმება ამ კვირაში მოხერხდება.

თუკი საბერძნეთმა და ევროკავშირმა შეთანხმება ვერ შეძლეს, მაშინ ქვეყანას დეფოლტის გამოცხადება მოუწევს, რადგან 30 ივნისამდე მან საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა დაუბრუნოს, რასაც ევროკავშირის დახმარების გარეშე ვერ მოახერხებს. აღსანიშნავია, რომ 1,6 მილიარდის გადასახდელი თანხა საბერძნეთს თავად სავალუტო ფონდმა უნდა გამოუყოს, თუმცა ამას არ აკეთებს, თუკი საბერძნეთი ეკონომიკური რეფორმების გატარებას არ დათანხმდება.

როგორც საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრი გიორგოს სტათაკისი აცხადებს, მას სჯერა, რომ საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა ევროკავშირსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს დააკმაყოფილებს. თუ საბერძნეთს მაინც მოუწია დეფოლტის გამოცხადება, არ არის გამორიცხული, მან როგორც ევროზონა, ასევე ევროკავშირიც დატოვოს. მხოლოდ ამ საფრთხის გამო, ევროპის ცენტრალურ ბანკს ბერძნული ბანკებისთვის დამატებითი სახსრების მიწოდება დასჭირდა, რადგან მეანაბრეებმა ბოლო დღეების განმავლობაში ბანკებიდან 4 მილიარდი ევრო გამოიტანეს.

წინა კვირას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 22 ივნისისთვის, შესაძლოა, ბერძნულ ბანკებს მუშაობა შეეწყვიტათ. ამიტომ ათენი ტურისტებს "საგანგებო შემთხვევისთვის" ნაღდი ფულის მომარაგებას ურჩევდა. ამიტომაც, ქვეყანაში არსებული "ფინანსური პანიკის" ფონზე, მეანაბრეებს ბანკებიდან ფული ერთი მეორეს მიყოლებით გაჰქონდათ. წინასწარმეტყველება არ გამართლდა, ყოველ შემთხვევაში, გუშინ ბერძნული ბანკები ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდნენ და როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტურისტებს არც ტერმინალებით ანგარიშსწორებისას შექმნიათ პრობლემა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთს ვალების გასასტუმრებლად ვადა ივნისის ბოლომდე აქვს. მოლაპარაკებები ახალი ტრანშის გამოყოფისთვის ბოლო 5 თვეა ჩიხშია შესული. ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დამატებით 7 მილიარდის გამოყოფაზე უარს აცხადებენ, ვიდრე საბერძნეთი რეფორმების გატარებას არ დათანხმდება. რეფორმები პენსიებზე ნაკლები ფულის ხარჯვასა და საგადასახადო საკითხებს შეეხება, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება.

ემიგრანტებს ასე არასდროს გასჭირვებიათ

საბერძნეთში არსებული კრიზისის ფონზე დამძიმდა იქ მომუშავე ქართველების ყოფაც იმის გამო, რომ შეჩერებულია მშენებლობები, სამსახური დაკარგეს მამაკაცებმა. მათი უმეტესობა ევროპის სხვა ქვეყანაში გადაბარგდა, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალებს, რომლებიც საბერძნეთში ბავშვებისა და მოხუცების მომვლელებად მუშაობენ, ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირდათ.

როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. ბერძნები საკმაოდ ფრთხილი ხალხია. ვიდრე მდგომარეობა ასე გართულდებოდა, მათ საკუთარი დანაზოგის მოფრთხილება დაიწყეს.

სალონიკში მცხოვრები თეა ბებიაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამსახურიდან ბევრი ქართველი გამოუშვეს, თავად ბერძენი ახალგაზრდები კი ქვეყანას ტოვებენ: "ბერძნებმა ის მოხუცები, ვისთანაც ქართველები მუშაობდნენ, საკუთარ სახლებში წაიყვანეს, რათა მათი პენსიით იცხოვრონ. ძალიან ცუდი სიტუაციაა, არ ვიცი რა გველის. პირადად მე, თუ ადრე 700-800 ევრო მქონდა ხელფასი, ახლა 500 ევრო მაქვს. 700-ევროიანი სამსახური სანთლით საძებნელი გახდა. ამ კრიზისის ფონზე ბევრი ბერძენი ახალგაზრდა წავიდა ქვეყნიდან. საბერძნეთი იმ ქართველების ნაწილმაც დატოვა, ვისაც საბუთი ჰქონდა", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" თეა ბებიაშვილმა.

ათენში მცხოვრები მაია აბულაძე ამბობს, რომ საბერძნეთში კრიზისი 2-3 წლის წინათ დაიწყო, ახლა კი სიტუაცია უფრო დამძიმდა. მას ხელფასი ბოლო პერიოდში ძალიან შეუმცირეს, თუმცა სამშობლოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს: "ორი სამშობლო რომ გექნება და ორივე წყალწაღებული, რა უნდა ვთქვა. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. შეგვიმცირეს ხელფასი და რამდენითაც შეამცირეს, იმდენით ნაკლებს ვაგზავნით საქართველოში. ზუსტად იმ ოდენობის თანხას ვიტოვებთ, რაც მომავალ ხელფასამდე სულის მისატანად გვეყოფა. ცუდ სიტუაციაში ვართ და ეს მხოლოდ აქ მყოფმა ემიგრანტებმა ვიცით. ერთს გთხოვთ, საქართველოში ყველას გადაეცით, ვინც თავისი უზნეო პასკვილებით შეურაცხყოფას გვაყენებს, თავი დაგვანებონ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ვურჩევთ, რომ მანდ დარჩენილებს მაინც მიხედოს, ჩვენ თავს როგორმე თავად მოვუვლით", - აღნიშნა მაია აბულაძემ.

"რა თქმა უნდა, კრიზისი ჩვენც შეგვეხო, იმდენს ვეღარ გამოვიმუშავებთ, რასაც ადრე. კრიზისამდე 800 ევრო მქონდა ხელფასი, ახლა კი 550 ევროზე ვმუშაობ. ცოტაა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. თუ ადრე ბერძნები ენის ცოდნას ანიჭებდნენ უპირატესობას, ახლა ესეც აღარაა. იაფი მუშახელი უნდათ და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს და ვმუშაობთ დაბალ ხელფასზე," - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" ლიანა ბოკუჩავამ.

ათენში ცხოვრობს ლალი ქველიძე. საბერძნეთის დედაქალაქში ისეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ არ იცის, როდის დაკარგავს სამსახურს. "ხელფასი ზოგს 100 ევროთი, ზოგსაც 200 ევროთი შეგვიმცირეს. ისეთი სიტუაციაა, არ იცი როდიდან შეგიწყვეტენ ანაზღაურებას, როდის გეტყვიან, დატოვე სამსახურიო. ჩვენც გაურკვეველ ვითარებაში ვართ. კრიზისმა ემიგრანტებზე როგორც ეკონომიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. დაბრუნება გვინდა, მაგრამ ვის იმედად ჩამოვიდეთ, მანდ ესეც არ გვექნება, რაც აქ გვაქვს", - ამბობს ლალი ქველიძე.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"