ჩინური “აბრეშუმის გზის” ალტერნატიულმა მარშუტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს - ო'ბრაიენი

აშშ განიხილავს შესაძლებლობას, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზრებზე ტვირთის მისაწოდებლად ახალი სახმელეთო მარშრუტი შექმნას, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს გვერდს აუვლის. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი არხი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გამავალი მარშრუტი იქნება.

„ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოუდგენლად მდიდარია და ამჟამად მათ მსოფლიო ბაზრებზე წვდომის ერთადერთი ვარიანტი, ძირითადად, რუსეთის ან ჩინეთის გავლით აქვთ. თუ ჩვენ შევძლებთ, გავხსნათ მარშრუტი, რომელიც აზერბაიჯანის ან სომხეთის ტერიტორიას გაივლის, ისინი მსოფლიო ბაზრებზე წვდომას მიიღებენ და რუსეთსა და ჩინეთზე ბევრად ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული,“ - აცხადებს ო'ბრაიენი.

მის გარდა, მიმდინარე თვეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე ანჯალი კაურმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 2025 წელს შესაძლოა, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის რუსეთისა და ჩინეთის „სანდო ალტერნატივა“ გახდეს.

ცნობისთვის: 2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი C5+1-ის ფორმატში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს პირველად შეხვდა. მართალია, C5+1-ის პლატფორმა 2015 წელს შეიქმნა, თუმცა სახელმწიფო მეთაურების დონეზე შეხვედრა პირველად გაიმართა. ლიდერებმა ეკონომიკური და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტრანზიტის საკითხები განიხილეს.

როგორც ცნობილია, აშშ-მა უკვე მიაღწია იტალიის თანხმობას, ე.წ. აბრეშუმის გზის ჩინური პროექტი, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ დატოვოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონიმ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანგს ამის შესახებ გასული წლის სექტემბერში პირადად აცნობა. ჩინურ საინვესტიციო ინიციატივას იტალია ოფიციალურად 2019 წელს შეუერთდა, რამაც აშშ-სთან რომის ურთიერთობები შებღალა.

ამასთან, 2023 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანმა ინდოეთის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების კოლეგებთან ერ-რიადიში მოლაპარაკებები გამართა ერთობლივ ინფრასტრუქტურულ მსხვილ პროექტზე, რომელიც ამ ქვეყნებს ერთმანეთთან სარკინიგზო-საზღვაო მარშრუტების ქსელით დააკავშირებს. პროექტი I2U2-ის ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ისრაელს, ინდოეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და შეერთებულ შტატებს მოიცავს. I2U2-ის ჯგუფის წინა, ანუ 2022 წლის შეხვედრებზე ისრაელმა მხარეებს სარკინიგზო ქსელით რეგიონის გაერთიანება შესთავაზა, რისთვისაც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდოეთის გამოცდილება უნდა გათვალისწინებულიყო. შემდგომში ვაშინგტონი პროექტში საუდის არაბეთის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია, სარკინიგზო ქსელმა სპარსეთის ყურისა და ხმელთაშუა ზღვის არაბული ქვეყნები ერთმანეთს დააკავშიროს, ხოლო ინდოეთამდე საზღვაო მარშრუტი ამოქმედდეს. ისრაელი ამჟამად არ არის ამ სატრანსპორტო პროექტის მონაწილე, თუმცა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში შესაძლოა, პროექტს მოგვიანებით შეუერთდეს.

იმავე მაისში ჩინური „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ალტერნატივის შექმნაზე აშშ-თან ერთად ევროკავშირიც ალაპარაკდა. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ რეალური ალტერნატივის შექმნა აუცილებელია. მისი თქმით, ეს ევროკავშირისა და G7-ის ერთობლივი ინიციატივა უნდა იყოს და პროექტის ინფრასტრუქტურის ერთობლივი ინვესტირება უნდა მოხდეს.

ფონ დერ ლაიენი 600 მლრდ ევროს დახმარების პაკეტს გულისხმობდა, რომელიც გლობალურ სამხრეთში, კერძოდ, აფრიკის ქვეყნებში, აზიასა და ლათინური ამერიკაში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიზნობრივ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციას წარმოადგენს. ფონ დერ ლაიენის ცნობით, გლობალური სამხრეთის მრავალი ქვეყანა იმედგაცრუებულია ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებით, ამიტომ „G7-ის ქვეყნებს შესაძლებლობის ფანჯარა ეხსნებათ.“

აღსანიშნავია, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინციატივაში“ საქართველოც მონაწილეობს. კერძოდ, ჩინეთიდან ევროპისკენ, მათ შორის საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ჩინური ინიციატივის, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში მუშავდება. ასევე, მის ფარგლებში შემუშავებულ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო დეპარტამენტების მიერ ცენტრალური აზია-სამხრეთ კავკასია-ანატოლიის მულტიმოდალური სატრანსპორტო პროექტი, CASCA+ (Central Asia, South Caucasus, Anatolia).

შუა დერეფნით ჩინეთი მეტად დაინტერესებულია, რადგან ტვირთის მიწოდება, სუეცის არხთან შედარებით, უფრო მოსახერხებელი და მოკლე მარშრუტით არის შესაძლებელი. თუ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის საზღვაო გადაზიდვას 30-40 დღე სჭირდება, მატარებლით მიწოდების დრო 15-25 დღემდე მცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ